პირველი კადრები ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციიდან (ვიდეო)

13:07 10-31-2019
150

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა გამოაქვეყნეს პირველი ვიდეო, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში ჩატარებულ რეიდს ასახავს.

სწორედ აღნიშნული ოპერაცია დასრულდა, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ-ბაქრ ალ ბაღდადის სიკვდილით.

ვიდეოში ჩანს, რომ სამხედროებსა და დაჯგუფების მებრძოლებს შორის სახმელეთო დაპირისპირებაა. რეიდი განხორციელდა იმ ბაზაზე, სადაც ალ-ბაღდადი იმალებოდა.

რეიდის დროს, დაჯგუფების ლიდერი გვირაბში გაიქცა და იქ თავი შაჰიდის ქამრის აფეთქებით მოიკლა.

ბაზაზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა და შენობა მთლიანად განადგურდა.

ამერიკელი სამხედრო გენერლის, კენეთ მაკენზის განცხადებით, გვირაბში ალ-ბაღდადთან ერთად 2 ბავშვი იმყოფებოდა, რომლებიც მასთან ერთად დაიღუპნენ. გენერლის ინფორმაციით, სამხედროებმა ბაზაზე მყოფი 4 ქალი და 1 კაცი მოკლეს, რომელთაც ასევე შაჰიდის ქამრები ეკეთათ.

ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს ამერიკულ სამხედრო ვერტმფრენებს. გენერლის განცხადებით, საპასუხო დარტყმების მიყენებისას კიდევ რამდენიმე მებრძოლის ლიკვიდაცია მოხდა, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.

გენერალი მაკენზი ადასტურებს, რომ რეიდის დროს ნამდვილად აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი დაიღუპა, ექსპერტიზამ ეს დნმ-ის კვლევის შედეგად დაამტკიცა.

ავტორი: მარიამ გიგანი