ამის გამო, ღმერთიც კი მძულდა, ქმარი ისე მცემდა, სიკვდილს ვნატრობდი - ძალადობის მსხვერპლი ქალი

12:20 10-31-2019
5825

„ქმარი ისე მაწამებდა, სიკვდილს ვნატრობდი, თავი ძლივს დავაღწიე და მივხვდი, რომ უამრავი წელი დავკარგე. ჩემზე გამოცდილი მაქვს ყველა უბედურება, ტყავის ქამრით ცემა, დანით დასერილი სხეული, კიბეზე დაგორება...“ - „პრაიმტაიმს“ ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი დაუკავშირდა და მან დუმილის დარღვევა სხვა ამ პრობლემების მქონე ქალებისთვის გადაწყვიტა.

ამბობს, რომ მისი ოჯახური პრობლემების შესახებ ოჯახმა იცოდა, მაგრამ მეზობლებისა და ახლობლების „შიშით“ დედ-მამა განშორების წინააღმდეგი იყო. ახლა, მშობლების მორჩილებასაც ნანობს და მოძალადე ქმართან დაკარგულ დროსაც.

„პატარა ასაკში გავთხოვდი, მიყვარდა და მეგონა მასაც ვუყვარდი. სხვა არაფერზე მიფიქრია. მშობლები მსაყვედურობდნენ, განსაკუთრებით კი, დედა. რამდენიმე თვეში, ახალ გაღვიძებულს სახეში მუშტი რომ მომხვდა და სიმწარემ რომ გამომაფხიზლა, მაშინ მივხვდი რასაც წარმოადგენდა... დიდხანს ვიტანდი დამცირებას, ტანჯვას, უფულობას და შეურაცხყოფას მხოლოდ იმის გამო, რომ დედას არ ეძახა ღირსი ხარო... ამასობაში, ჩემი შვილი წამოიზარდა და ისე სძულდა მამა, ამბობდა ნეტავ მალე მოკვდესო.

თითქმის 7 წელი ამ რეჟიმში ვცხოვრობდი. როცა საქეიფოდ მიდიოდა და ეს არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა, კანკალით ველოდი, რა დამემართებოდა. იმ დროს, მე, 16 წლისას ამ უსამართლობის გამო, ღმერთიც კი მძულდა, ვერ ვხსნიდი ჩემს ლოცვას რატომ არ ისმენდა. ალბათ, გაჩნდება კითხვა, რატომ მცემდა?! მოძალადეებს მიზეზები არ სჭირდებათ. ჩემს აწ უკვე ყოფილ ქმარს პრეტენზიას ჰქონდა გვიან მოსულს რატომ მელოდი, ბავშვი ვარო? ხან იმაზე მირტყამდა, რატომ არ დამელოდე, ფეხებზე გკიდია, როგორ და როდის მოვალო? მახსოვს, ჩემი პატარა შვილის შიშით გაფართოებული თვალები, როცა მთვრალს ბავშვი მანქანაში არ ჩავუსვი. მაშინ ქუჩაში წიხლით მცემა და გონზე რომ მოვედი მუჭში ჩემი თმები ეკავა. პატარას შიშის ნიადაგზე პირღებინებაც კი დაეწყო.

ერთი შეხედვით თავმოყვარე მამაკაცი არსად მუშაობდა და მე, მასზე 7 წლით პატარას ხელებში მიყურებდა, რომ სიგარეტის ფული მიმეცა. სხვა ხარჯებზე ლაპარაკიც ზედმეტია, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემი საზრუნავი იყო. არ მქონდა უფლება, ჩემი ხელფასით რაიმე მეყიდა. სანამ ისე არ დამღალა ძალადობამ რომ ყველაფერი სულერთი გახდა, მანამდე ვერ გავშორდი. მძულდა, მაგრამ მეშინოდა. მერე ვიფიქრე, თუნდაც მომკლას უნდა ვცადო და მივატოვო-მეთქი.

პოლიციისთვის მიმართვა არც კი მიფიქრია. ჩემი უფლებები სამართლებრივად არ დამიცავს მაშინაც კი, როცა კიბეზე დამაგორა, როცა ტყავის ქამრით მცემა... ახლა, მარტოხელამ გადავწყვიტე დუმილი დავარღვიო და ყველას მივმართო, ვინც ჩემს მდგომარეობაშია, ნუ შეშინდებით, ნუ მოექცევით ცნობისმოყვარე ახლობლების გავლენის ქვეშ, ნუ შეუშინდებით ჭორებს. გახსოვდეთ, რომ მოძალადე ყველაზე მშიშარაა. როცა უკვე გაშორებული დავემუქრე, რომ მის შეურაცხმყოფელ მესიჯებსა და ჩაწერილ სატელეფონო საუბრებს პოლიციაში მისსავე საწინააღმდეგოდ გამოვიყენებდი, შემეშვა და მე, ჩემი თავი ახლიდან ვიპოვე.

მე უბრალოდ ნატო ვარ, არც გვარის და არც სხვა დეტალის დაკონკრეტება საჭირო არ არის.

მე ძალადობის მსხვერპლი ქალი ვარ, უფრო სწორად წარსულში ვიყავი. იქ დავტოვე ჩემი ტკივილი, სირთულეები და მწარე გამოცდილება. ახლა, გაწითლებული ნათითურებისა და სხეულის დალურჯებული ნაწილების გარეშე მშვიდად ვცხოვრობ. ნუ იქნებით თანახმა შეწიროთ თქვენი თავი თქვენსავე გამანადგურებელს“ - ამბობს ძალადობის მსხვერპლი ქალი.

გახსოვდეთ, თქვენს უფლებებს სამართალდამცავები იცავენ, ამისათვის მთავარია მიმართოთ პოლიციას.

2018 წელს საქართველოში ქალზე ძალადობის მინიმუმ 5875 შემთხვევა მოხდა. მინიმუმ იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწორედ ამდენივე შემთხვევა აღრიცხა.

სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებიდან მსხვერპლი 5875 ქალი, ხოლო  1018 კაცი იყო.

რაც შეეხება მოძალადეებს, მოძალადე 5671 შემთხვევაში იყო კაცი, ხოლო 954 შემთხვევაში ქალი. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში პოლიციამ 7646 შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

შსს-ს ყველაზე ხშირად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში მიმართავენ, ყველაზე იშვიათად კი სექსუალური ძალადობის დროს.

 ფსიქოლოგიური - 7109

 ფიზიკური - 1705

 ეკონომიკური - 198

 იძულება - 74

 უგულებელყოფა - 68

 სექსუალური - 25

ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციას ყველაზე ხშირად თბილისში, აჭარასა და იმერეთში მიმართავენ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური