ბოდბელი მამაკაცი ამტკიცებს, რომ სასულიერო პირებმა სცემეს

11:56 10-31-2019
591

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს სასულიერო პირებმა სცემეს.

გია გოგოშვილს დაზიანებები თავისა და თვალის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებულს მკურნალობა წნორის საავადმყოფოში ჩაუტარდა.

გია გოგოშვილის ინფორმაციით, დაპირისპირება სასულიერო პირებთან საქონლის გამო დაიწყო.

„ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ბერმა, მამა გრიგოლმა და ერთ-ერთმა სტიქაროსანმა სახლში ავტომანქანით მომაკითხეს და წამიყვანეს. გზაში კი მთხოვდნენ, რომ პოლიციისთვის ამბავი არ შემეტყობინებინა“,- ამბობს გოგოშვილი.

ნაცემ მამაკაცსა და სასულიერო პირებს ადგილობრივებმა მიაკვლიეს, რის შემდეგაც, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გოგოშვილი საქმის გამოძიებას და სასულიერო პირების დასჯას ითხოვს.

პრაიმტაიმი ცდილობს, ამ ბრალდებაზე, სასულიერო პირების კომენტარი მოიპოვოს.

მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლით აღიძრა.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი