მეუფე იაკობი შავი საქმის შესასრულებლად გამოიყენეს - გოჩა მირცხულავა

22:06 10-30-2019

ბოლო დღეებში საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან და დაანონსებულ წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით სასაუბროდ „პრაიმტაიმი“ ჟურნალისტსა და ექსპერტს, გოჩა მირცხულავას დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, საეკლესიო კრიზისს არაერთი პრობლემა იწვევს. ის რუსულ და სახელმწიფოებრივ ინტერესთა კონფლიქტზე, შიდა კონკურენაციასა და მრევლის მოთხოვნებზე საუბრობს.

„ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები დაუკავშირდა მეუფე იაკობის განცხადებებს, რომელიც პროვოცირებული იყო გარკვეული ჯგუფების მიერ, ვგულისხმობ შორენა თეთრუაშვილსა და მის გარემოცვას. ამას საფუძვლად დაედო ის, რომ მეუფე იაკობს გარკვეული შეუთავსებლობა აქვს პატრიარქის თანამოსაყდრესთან. ამიტომ, მისი ინსპირირება ამ სუბიექტურ ნაწილში ადვილი იყო. მისი წარდგენის შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ „მოსაყდრე შიო რუსეთის კაცია“. თუ შიო გახდება პატრიარქი, მეუფე იაკობი თავის ადგილს არ და ვერ ხედავდა. განცხადების გამოქვეყნების მერე, საპატრიარქოში  სულ სხვა რიხით შესული მეუფე ვნახეთ, ხოლო იქიდან გამოსული გადადგა. მეუფე მიუახლოვდა წითელ ხაზს და ამაზე საპატრიარქოს რეაგირება რომ არ მოეხდინა, ეს სასულიერო ხელისუფლების მხრიდან საერო ხელისუფლების მიმართ ღია ომის დაწყებას ნიშნავდა. 

მეუფე იაკობის პრობლემები საპატრიარქოში

ცნობილია, რომ მოსაყდრეს არანაირი რანგი არ აქვს იქამდე, სანამ დებულებით გათვალისწინებულ ნორმებში არ შედის, ეს გულისხმობს პატრიარქის ქმედუუანარობას, გადადგომას ან გარდაცვალებას. ამიტომ, მოსაყდრე და ქორეპისკოპოსი თანაბარ რანგში არიან.

თუმცა, თანამოსაყდრე შიო საზოგადოების თვალს აჩვევს მის უპირატეს მდგომარეობას. აშშ-ში ვიზიტის დროს ის ვნახეთ ამბიონზე სავარძელში წამოსკუპებული. მისი თანაბარი ეპისკოპოსები კი, მის ქვემოთ ვიხილეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეუფე იაკობს აქვს არანორმატიული ლექსიკა, შესაძლოა მძიმე საერო წარსული, მე მასში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მომქმედ პერსონას ვერ ვხედავ. ის თანამოსაყდრე შიოსა და შორენა თეთრუაშვილისთვის დისკომფორტის შემქმნელი იყო. მას რუსეთიდან აქვს დავალება - საპატრიარქო ტახტზე  რუსეთის ორი კანდიდატიდან, მოსაყდრე შიოსა და მეუფე ანდრიას შორის, ერთ-ერთის დასმა. ამის გათვალისწინებით, მეუფე იაკობი ნამდვილად იქნებოდა ხელისშემშლელი ფაქტორი. მანამდე მეუფე დეკანოზ მამალაძის საქმის ფიგურანტიც გახდა. ის მომხდარს თავიდან უკრაინიდან მართულ პროცესად თვლიდა, ახლა ესეც და პატრიარქის გადაყენებაც მოქმედ ხელისუფლებას დაუკავშირა. თეთრუაშვილმა ის პირველ რიგში თავის წინააღმდეგ გამოიყენა და მერე, ყველა იმ შავი საქმის შესასრულებლად, რასაც ეკლესიის დისკრედიტაცია ჰქვია.

წმინდა სინოდის სხდომა

გუშინწინ, მცხეთაში მყოფმა პატრიარქმა კონსულტაციები სასულიერო პირებთან გაიარა და არ გამოვრიცხავ, საერო პირებთანაც. მიუხედავად იმისა, რომ შორენა თეთრუაშვილის გუნდი სინოდისგან მეუფე იაკობის გაკიცხვასა და მეუფე პეტრეს დასჯას ელოდება, მაგრამ ამ დასჯის ნაწილში პრობლემები აქვთ, რადგან რჯულის კანონს აცდებიან, თუმცა მათ მოციქულთა კანონი, ღმერთი და რჯულის კანონი დიდად არც აინტერესებთ... სინოდის წინა სხდომაზე, ზვიადაძემ თავის ხელით დაწერა განჩინება მეუფე პეტრეს ეპარქიიდან ჩამოშორების შესახებ, მაგრამ სინოდზე ეს ვერ გავიდა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ თეთრუაშვილს ამ დღეებში კონსულტაციები მოსკოვშიც ჰქონდა. ერთია რა სურს მას და მის გარემოცვას და მეორეა, ამ მართლაც დელიკატური ვითარებიდან როგორ გამოძვრეს კათალიკოს პატრიარქი.

მოიწვიეს სინოდის სხდომა და დღის წესრიგი ცნობილი არაა, თუ სინოდი არ იმსჯელებს მართვა-გამგეობის ცვლილებების შეტანისა და საეკლესიო სასამართლოს შექმნაზე, თუ არ იმსჯელებენ დეკანოზ მამალაძის საქმეზე, თუ სინოდი არ იმსჯელებს უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენის ან არაღდგენის საკითხზე, მაშინ ეს ფორმალური სხდომა იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეპისკოპოსის პოზიცია. თუ უმრავლესობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობას გაექცევა, მაშინ ეს სინოდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ სინოდი რუსული ინტერესების მსახური ინსტიტუციაა. მრევლისა და ქართული საზოგადოების მოთხოვნაა, სინოდმა იმსჯელოს რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადებაზე, რომ აფხაზეთში რუსეთი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ნებართვით მოქმედებს.

რუსული ინტერესები ქართულ ეკლესიაში

რაც შეეხება რუსულ ინტერესებს, ლუსტრაციას მოახდენს, ვინც მხარს არ დაუჭერს უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხს. აქ აფხაზეთის თემა, და ამის კანფეტის ქაღალდში შეფუთვა საზოგადოებისთვის მიუღებელია. რუსეთის ეკლესიის საფარქვეშ მყოფი ამერიკის ეკლესიის აღიარებაზე საქართველოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა, რატომ?.. ამ სინოდისგან ფუნდამენტურ ცვლილებებს არ ველოდები, ისინი პრობლემების გადაგორებას შეეცდებიან. სასაცილოდ აქციეს 17 საუკუნოვანი ეკლესია, მსოფლიო დაგვცინის როცა ილარიონ ალფეევი დუმს, მის ნაცვლად მეუფე ანდრია გვაზავა საუბრობსო, საქართველოს ეკლესიას მატრიარქი მართავს და მას პატრიარქი შორენა მართავს საპატრიარქოსო, ამას მიაქციონ ყურადღება. ჩვენ ნუ გვარიგებენ, თავიანთ უკანალებს მოუარონ, სხვების უკანალებს ნუ დასდევენ ქუჩაში ტაბურეტებით.

ჩვენი ეპისკოპოსების პრობლემა ისაა, რომ პრივატულ შეხვედრებზე საკუთარ მოსაზრებებს აჟღერებენ, მაგრამ იქ, სადაც შორენა თეთრუაშვილი მათ თვალს ადევნებს, ისინი იმ გადაწყვეტილებას იღებენ, რომელიც სურს მას. ეკლესიაში უმძიმესი ვითარებაა, სასულიერო პირებმა ტაძრები ცეხებად გადააქციეს და ღმერთი გააქციეს“ - ამბობს გოჩა მირცხულავა.  

ავტორი: თამარ ბუჩუკური