ვინ გახდება პატრიარქის ახალი ქორესპისკოპოსი და რომელი მეუფე შეცვლის გარდაცვლილ ეპისკოპოს კალისტრატეს სინოდში

22:00 10-30-2019
4069

ხვალ წმინდა სინოდმა ქუთაის-გაენათის ეპისკოპოსი უნდა დანიშნოს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, წარდგენილი იქნება რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე.

წინამოსამზადებელ კონსულტაციებზე უკვე გამოიკვეთა, რომ არჩევანი მეუფე იოანეზე შეჩერდება.

შეგახსენებთ, რომ  ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი მეუფე კალისტრატე იყო, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს გარდაიცვალა.

„პრაიმტაიმის“ წყარო ამბობს, რომ მეუფე იოანეს ამ დრომდე თანხმობა არ განუცხადებია, რუსთავის ეპარქიიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გადასვლაზე. რუსთველი მეუფე ამ დრომდე თავს იკავებს. ის გარდა ეპარქიისა, წმინდა სინოდში მოვალეობის შემსრულებელია. თუმცა, ხვალ სინოდის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

„პრაიმტაიმის“ ამ ინფორმაციას „მთავართან“ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლიც ადასტურებს და ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ქუთაისის ეპარქიის ეპისკოპოსად სწორედ მეუფე იოანეა მთავარი კანდიდატი.

„ჩემთვის ცნობილია, რომ ქუთაის-გაენათის კათედრაზე დროებითი მმართველობის სტატუსით მივლინებული არის მიტროპოლიტი იოანე. ჩვენ ვხედავთ, რომ მეუფე თავის ფუნქციას ასრულებს, ეპარქიაში ჩადის, წირვა-ლოცვას აღავლენს როგორც ვხედავთ ხელდასმებსაც ახორციელებს, ეს გარკვეულ ვარაუდებს უჩენს ადამიანებს მაგრამ კონკრეტულ დასკვნების გაკეთება გამიჭირდება“, - ამბობს მეუფე გრიგოლი.

მეუფე გრიგოლი ხვალ წმინდა სინოდის სხდომას არ დაესწრება და შესაბამისად, მისი ხმა კანდიდატს დააკლდება. 

ჩვენი ინფორმაციით კი მეუფე იოანეს ხარისხშიც აიყვანენ და ის მეუფე იაკობის ნაცვლად ქორეპისკოპოსის სტატუსსაც მიიღებს, ამის შემდეგ, მეუფე იოანე საპატრიარქოში საფინანსო სამსახურს უხელმძღვანელებს. 

გარდა ქუთაისის ეპარქიის მღვდელთმთავრის საკითხისა, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ხვალ, წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის ორი მიტროპოლიტის საკითხი დადგება. წმინდა სინოდის წევრები მეუფე პეტრესა (ცაავა) და მეუფე იაკობის (იაკობიშვილი) დასჯის ფორმებზე მსჯელობისთვის ემზადებიან.