სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების ახალი წესი პარლამენტის თავმჯდომარესთან და იუსტიციის მინისტრთან განიხილა

21:20 10-30-2019
99

საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი შეხვდნენ და შეწყალების პროცედურის და კრიტერიუმების შესახებ იმსჯელეს.არჩილ თალაკვაძემ და თეა წულუკიანმა პრეზიდენტს იმ რეკომენდაციებზე და პრინციპებზე გაუზიარეს პოზიცია, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლოა, მოხდეს შეწყალება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს „შეწყალების წესის შესახებ“ ბრძანებულების პროექტთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებები მოისმინა.

„აღნიშნულ საკითხზე დღეს ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისაგან. არანაირი სირთულე არ არსებობს და იმედი მაქვს, რომ ჩემს ადმინისტრაციაში ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება ძალიან მალე დასრულდება იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელზეც შევთანხმდით და რომელიც ჩემთვის სრულიად მისაღებია, იმისათვის, რომ დროულად გამოიცეს პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც შეწყალების წესთან დაკავშირებით პარლამენტს კონსულტაციისათვის მიმართა, საკუთარი მოსაზრებები გააცნო.

„საქართველოს პრეზიდენტმა მოგვმართა კონსულტაციის მიზნით, რათა შეწყალებასთან დაკავშირებით მიგვეწოდებინა მოსაზრებები. დღეს მას მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კრიტერიუმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით შესაძლოა, მოხდეს მომავალში შეწყალება- მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს  დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი, ხომ არ არის ეს ძალადობრივი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩადენილი მოწყვლადი ჯგუფების, ბავშვის ან ქალის წინააღმდეგ; ასევე, ვფიქრობთ, რომ სასურველია, გათვალისწინებული იყოს ის შემთხვევები, როდესაც პირს აქვს შესაძლებლობების შეზღუდვის ისეთი ხარისხი ან ისეთი სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სასჯელის მიზნებთან; ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყვნენ შეწყალებულნი პოლიციელის, სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული პირები; ასევე, სასურველია, არ მოხდეს ძებნილი პირის შეწყალება; მიგვაჩნია, რომ შეწყალება უნდა იყოს საგამონაკლისო წესი - ანუ, შეწყალების თითოეული გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ უნდა იყოს მიღებული, თუ ეს სისხლის სამართლის საერთო პოლიტიკასთან, საჯარო ინტერესთან შესაბამისობაშია და სხვა ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.​