სვეტიცხოვლის „მირონი“, რომელიც სინამდვილეში მირონი არ არის

20:40 10-30-2019
6056

ბევრს ალბათ შეძენილიც კი აქვს სვეტიცხოველში „მირონი“ და ჰგონია, რომ ეს წმინდა სითხე სახლში, საეკლესიო თაროზე უდევს. სინამდვილეში კი ის ერთი ჩვეულებრივი სატყუარაა, უბრალო ზეთი კარგი მარკეტინგული გათვლით...

ერთი სიტყვით, არა საეკლესიო დღესასწაულზე, ერთ ჩვეულებრივ კვირა დღეს, როდესაც ტაძარში ხალხის განსაკუთრებული ნაკადი არ არის, სვეტიცხოველს „პრაიმტაიმი“ ესტუმრა. ასეთ რიგით კვირა დღეს, „როგორც „პრაიმტაიმს“ მოგვიანებით ინფორმირებულმა წყარომ განუმარტა, ტაძარში შემსვლელებისგან - სანთლების, სუვენირების და სხვადასხვა საეკლესიო და არასაეკლესიო ნივთების შეძენით ტაძრის საშუალო შემოსავალი 50-60 ათასი ლარია.

ცხადია, პირველი ნაბიჯები ტაძრის მაღაზიაზე გადის და სანთლების საყიდლად შესულებს, იქ რამდენიმე უცნაურობა დაგვხვდა.

მაგალითად ასეთი: 5 ლარად იყიდება პატარა ბოთლში დაფასოებული „მირონი“. ცხადია, ზეთის ასეთი დასახელება წმინდა წყლის მარკეტინგული გათვლაა და ალბათ ბევრსაც, ვინც ის უკვე შეიძინა, ჰგონია, რომ სახლში მირონი აქვს, მაგრამ სინამდვილეში ის ჩვეულებრივი ზეთია თავისი შემადგენლობით.

მირონი ქრისტიანულ ეკლესიაში მირონცხების საიდუმლოს შესრულების დროს, ტაძრისა და წმინდა ტრაპეზის კურთხევისას, აგრეთვე მეფის კურთხევაზე იხმარება. მირონი მზადდება ყველა დამოუკიდებელ ეკლესიაში. ეს არის ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი ნიშანი. ის მზადდება 30-ზე მეტი სურნელოვანი ნივთიერებისაგან (ზეითუნის ზეთი, თეთრი ღვინო, საკმელი, სხვადასხვა ყვავილი, ვარდის ზეთი და სხვა).

მირონის ხარშვა იწყება აღდგომის წინ, დიდ ორშაბათს, და 3 დღეს გრძელდება. მირონს აკურთხებს პატრიარქი საპატრიარქო ტაძარში, საზეიმო წირვის შესრულების დროს. 

ასე რომ, მირონთან შეხების ბედნიერება ჩვეულებრივ მოკვდავს სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეუძლია - ნათლობისას და ცხადია ის თავისუფალ გაყიდვაში ვერ იქნება.

width=600

როდესაც „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა არის სინამდვილეში „მირონი“, რომელიც სვეტიცხოველში იყიდება, ტაძრის მაღაზიაში განმარტეს, რომ ეს არის კანდელის ზეთი, რომელსაც იმ სვეტზე აპკურებენ, სადაც ქრისტეს კვართია დამარხული, შემდეგ აფასოებენ და ასეთი სახით ყიდიან. მაგრამ ბოთლზე არ არის დატანილი ეტიკეტი, სადაც აღწერილობაში მაინც იქნებოდა მითითებული, რა არის ის სინამდვილეში.

თუმცა, სვეტიცხოვლის „მირონი“ არ ყოფილა ერთადერთი განსაკუთრებულობა, რაც მაღაზიაში შემსვლელების თვალს იტაცებს. ხატების და საეკლესიო ნივთების გვერდით იყიდება ტყემლის წვენი ბოთლებში (ერთი ბოთლი 15 ლარად) და ალკოჰოლიც კი - არაყი, რომელშიც ტარხუნის ღეროებია ჩალაგებული (35 ლარად).

width=600

სვეტიცხოვლის ტერიტორიაზე შემსვლელებს სხვა „საცდუნებელიც“ ხვდება - მონეტები 10 ლარად. თუმცა ეს მონეტები, დაძველების ეფექტით, პირდაპირი მიყიდვის წესით არ რეალიზდება. ალაყაფის კართან დგას ორი ე.წ. „ავტომატი“ სადაც დაინტერესებული პირი ჩააგდებს 10 ლარს და მიიღებს ერთ ცალ მონეტას. ადგილობრივი „მარკეტინგი“ ტურისტებზეც არის გათვლილი და მონეტის ჩამოგდება Master card-ით და Viza-ბარათითაც შესაძლებელია.

width=600

„მირონის“ სახელწოდებით ზეთის გაყიდვა მარკეტინგული ხრიკია და კომერციული თვალსაზრისით უზნეო  გათვლაა“ - აცხადებს „პრაიმტაიმთან“ თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი:

„მირონი საკრალური ნივთიერებაა, რომელიც ნათლისღების საიდუმლოს შესრულებისას გამოიყენება. ეს არ არის ლიტურგიული მსახურებისთვის განკუთვნილი მირონი, ესაა მირონმდინარე სვეტის კანდელიდან აღებული ზეთი, რომელსაც ანოტაციაში არ აწერია რა არის ნივთიერი შემადგენლობით.

მორწმუნეებს ჰგონიათ, რომ სახლში მირონი მიაქვთ, სინამდვილეში ეს უბრალო ზეთია. მორალურად დანაშაულია, რა თქმა უნდა,  რომელიც მარკეტინგულად შეფუთულია. ეს საყურადღებო თემაა, ძალიან შეურაცხმყოფელია.

width=600

რუსული და ბერძნული გამოცდილების მიხედვით, იქ როცა რომელიმე წმინდანის ან სიწმინდის სახით წარმოდგენილია ფოტო, იქ აუცილებლად მითითებულია, როგორც გამოყენების წესი, ისე წარმომავლობა.

„მირონის“ შემთხვევაში იცოდნენ, რა ბევრი მოტყუვდებოდა, ეს კომერციულ სატყუარად გამოიყენეს, რაც ცალსახად მკრეხელობაა. ამით სიწმინდის გაშარჟება ხდება. მირონი იმდენად საკრალურია, რომ  მას მხოლოდ ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი ეხება, ერისკაცს არავითარი უფლება არ აქვს მირონს შეეხოს, თუნდაც იმ ჭურჭელს, რომელშიც მირონი ასხია.

რაც შეეხება, საეკლესიო თაროებზე განთავსებულ საკვებსა და ალკოჰოლს, უპრეცედენტოდ ამაზრზენი მოცემულობაა და ეს იმ სისტემური სიმრუდის ერთ-ერთი შემადგენლობაა, რომელიც ეკლესიაში არსებობს. პირადი სარგებლისთვის სიწმინდეები გააუბრალოეს. ერთადერთი რაც დარჩა, ეს ნარკოვაჭრობა და პროსტიტუციაა, სადაც ლეგალურად ეკლესია არაა ჩართული.

 - ვინ არის პასუხისმგებელი პირი, რომელიც ზედამხედველობას უნდა უწევდეს, რა სახის პროდუქცია დაიდოს საეკლესიო მაღაზიების თაროზე?

 - თითოეული ეკლესია არის ავტონომიური, ყველა მონასტერს აქვს საკუთარი წესგანგება და ტიპიკონი, ჰყავს თავისი მდგენელი. შესაბამისად, პასუხისმგებელი პირი არის ტაძრის წინამძღვარი, ამ შემთხვევაში ეს არქიმანდრიტი მამა სერაფიმე ჭედიაა. ის სამების საკათრედრო ტაძრიდან ფინანსური დავების გამო გამოუშვეს. მერე მეორე ჯვრით დააჯილდოვეს და ჩაფარცხეს მის ირგვლივ რეზონანსი. ბიძამისი რუსეთში ცნობილი ბიზნესმენია. ამ შემთხვევაში საინტერესოა რუსული კვალიც. მამა სერაფიმეც ცნობილი ბიზნესმენია და არ მიკვირს სვეტიცხოვლის შემთხვევაში, რადგან ასეთი კურიოზული ფაქტები ჭარბად ხდება” - ამბობს გიორგი ტიგინაშვილი. 

„პრაიმტაიმი“ შეეცადა სვეტიცხოვლის წინამძღვარს, მამა სერაფიმე ჭედიასაც დაკავშირებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იმ დროს, როდესაც საქართველოს საპატრიარქოს ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი უდგას, ის 2 დღის წინ ათენში გაემგზავრა. მის საზღვარგარეთულ ვოიაჟებზე აქამდეც არაერთხელ თქმულა.

width=600

რაც შეეხება საკითხებს მამა სერაფიმეს შესახებ - რუსული კავშირები, კრიმინალურ ავტორიტეტთან ნათესაობა და სამებაში მომხდარი ინციდენტი - „პრაიმტაიმი“ ისევ დაუბრუნდება.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური