And then we danced​-ის გმირებისთვის 2 ბილეთს კინოცენტრი ყიდულობს

19:55 10-30-2019
360

ეროვნული კინოცენტრი დააფინანსებს მთავარი როლების შემსრულებელი ორი მსახიობის - ლევან გელბახიანისა და ბაჩი ვალიშვილის - მგზავრობას ლოს-ანჯელესში - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულმა კინოცენტრმა უკვე დააფინანსა შემოქმედებითი ჯგუფის 6 წევრი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანის კინოფესტივალის პროგრამაში, რისთვისაც კინოცენტრმა 12 500 ლარი დაიხარჯა.

ამ საკითხს ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით კულუტრის სამინისტროში აბსოლუტური ჰომოფობიაა.

„წარმოუდგენელი მარაზმია ის ფაქტი, რომ ოსკარზე წარდგენილ ფილმს ფულს არ აძლევენ! კულტურის სამინისტრო არის აბსოლუტური ჰომოფობების და გაუნათლებლების ხელში როგორც ჩანს“, - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

ეროვნული კინოცენტრის ამ გადაწყვეტილებას, ფილმის პროდიუსერი ქეთი დანელიაც ეხმაურება. 

„არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ, რომ მიიღონ ეს ფილმი, ძალიან პრინციპულია რომ მიიღონ. ძალიან მეცინება არგუმენტზე, „ეს ხომ არ არის ქართული პროექტი? ხომ შვედეთმა წარადგინა?“. დიახ, ქართულია!!! უნდა მიიღონ ეს მოცემულობა, რომ ქართულია! რაც ფილმში ხდება ყველაფერი ქართულია! საქართველოზეა, თბილისზეა, ჩვენზეა, ჩვენს მეგობრებზეა, ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობენ იმ ადამიანებზეა. ჩვენს კულტურაზეა - კულტურის სამინისტროვ. „მანდარინებიც“ ესტონეთმა წარადგინა ოსკარზე, მაგრამ დავაფინანსეთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი და როგორ. დავაფინანსეთ, მივიღეთ და ძალიან გვიხაროდა ყველას ქართული კინო ოსკარზე“, - წერს ქეთი დანელია.

“and then we danced”-ის გადამღები ჯგუფი ამერიკაში, წინასაოსკარე კამპანიის ფარგლებში ნოემბრის დასაწყისში მიემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ კინოაკადემიის წევრებისთვის გამართულ ჩვენებებში. ამავე პერიოდში, 3 დღის განმავლობაში ფილმს ქართულ კინოთეატრებშიც უჩვენებენ.

ქართულ-შვედური ფილმის And Then We Danced-ის პრემიერაზე ბილეთების გაყიდვა დღეს, 5 საათზე დაიწყო.