16 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნები პატიმრობაში დატოვეს

18:02 10-30-2019
79

ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადავარდნილი 16 წლის ბიჭის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული ორი არასრულწლოვანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულ არასრულწლოვნებს პროკურატურამ გარე სამყაროსთან კომუნიკაცია შეუზღუდა.

„მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ძალაში დატოვა, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა. მინდა ასევე ყურდღება გავამახვილო ფაქტზე, რომელიც ალბათ, მიუღებელი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვისაც. პროკურატურამ არასრულწლოვნების მიერ შეზღუდვა გამოიყენა. მათ შეუზღუდა კომუნიკაცია გარე სამყაროსთან. შესაბამისად, ისინი ვერ ისარგებლებენ ტელეფონით და პაემნით. მოწყვიტა გარესამყაროს, მშობლებსა და ოჯახს. მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აყენებს“,-  განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ,რომ საქმეზე სულ 6 პირია დაკავებული. მათგან 2 არასრულწლოვანია, მათი საქმე დანარჩენი 4 პირის საქმისგან ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.

გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.