პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის - ილია მეორის პირადი ექიმი

17:06 10-30-2019
267

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, „პრაიმტაიმი“ უწმინდესის ექიმს, შალვა პეტრიაშვილს დაუკავშირდა.

მისი თქმით, ილია მეორე დღეს თავს უკეთ გრძნობს.

„უწმინდესი და უნეტარესი დღეს იმაზე უკეთ არის, ვიდრე გუშინ. მე დღეს პირადად არ მომინახულებია, მაგრამ მასთან გულიკო ჩაფიძე იყო, რომელსაც ექიმები ჰყავდა მიყვანილი და ექოსკოპია გადაუღეს. მასაც ვესაუბრე და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად არის“, - განაცხადა შალვა პეტრიაშვილმა.  

იგივეს ადასტურებს პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავაც. მისი თქმით მისი მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც იყო 2 კვირის წინ:

- თქვენ განაცხადეთ, რომ პატრიარქიმა 27 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ჩაატარა, ვინაიდან სეზონური ვირუსი ჰქონდა. ვირუსი 2 კვირა გაგრძელდა?

- ამით მინდოდა მეთქვა, რომ ისეა, როგორც იყო, ვიდრე ვირუსი ექნებოდა.

- ახლა როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- უწმინდესი თავს კარგად გრძნობს. ვირუსის თანმდევმა გართულებამაც გადაიარა. ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

- დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მისი მდგომარეობა დამძიმდა...

- ეს ასე არ არის. თავად ვნახე პატრიარქი. ის კარგად არის. მას დამატებითი გამოკვლევები არ დასჭირვებია.

- თანმდევი გართულება ახსენეთ... რაში გამოიხატებოდა ის?

- ერთი ეპიზოდი იყო, როცა დილით, 4 საათზე ცხელება ჰქონდა. ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო პროცედურები და ცხელება დაახლოებით 2 საათში ჩაქრა.

- ხვალ სინოდის სხდომას პატრიარქი დაესწრება? ანუ, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამაში ხელს არ შეუშლის.

- რა თქმა უნდა, დაესწრება. ჯანმრთელობა ხელს არ შეუშლის.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 27 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას ვერ დაესწრო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უწმინდესი გაციებული იყო და გართულებების თავიდან ასაცილებლად ის რამდენიმე დღეს სახლში გაატარებდა.

28 ოქტომბერს, მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ, როცა პატრიარქის ქორეპისკოპოსი თანამდებობიდან გადადგა, ილია მეორე ქალაქიდან გავიდა. ის ჯერ სვეტიცხოველში იყო, შემდეგ კი ღამე ჯვარზე გაათენა.

პატრიარქი თბილისში გუშინ დაბრუნდა.

გუშინვე გახდა ცნობილი, რომ სინოდის სხდომა, რომელიც უკვე ორჯერ გადაიდო, 31 ოქტომბერს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა სკანდალურ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მისი თქმით, შეხვედრაში ასევე მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე მონაწილეობდნენ და შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.