„ხან დანით მოგვდევდა მე და ბებიას, ხან „ბრიტვით“ - შვილი, რომელზეც დედა ძალადობდა

16:58 10-30-2019
32484

„ყველა ბავშვს უხარია როცა დედის ხმა ესმის, მე კი მეშინოდა, ვიმალებოდი“ -  ეს სიტყვები 32 წლის მაკა კახიანს ეკუთვნის რომლის დედაც 20 წელზე მეტია ფსიქიატრიული საავადმყოფოების ბენეფიციარია.

მაკას დედა 18 წელია ბედიანას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფება, მანამდე კი ასათიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა.

„როცა ასათიანზე იწვა, ბებიაჩემს ხანდახან მოჰყავდა სახლში, ვერ უძლებდა მისი შვილი რომ კლინიკაში იწვა და ამით უდიდეს შეცდომას უშვებდა. ყოველი მისი სახლში მოყვანა დედაჩემის საშინელი აგრესიით მთავრდებოდა. მას არ ჰქონია თანდაყოლილი შიზოფრენია, მშობიარობის შემდგომი ტრავმაა.  როცა მიხვდა, რომ ჰალუცინაციები დაეწყო, ბებიაჩემს თხოვდა საავადმყოფოში დაეწვინა. ბებიაჩემი საკმაოდ მაღალი საზოგადეობის წევრი იყო და რცხვენოდა, როგორ ვთქვა შვილი გამიგიჟდაო. თავად არ წაიყვანა, თუმცა შემდეგ მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ იძულებული გახდა, პოლიციის ძალით წაგვეყვანა“

თქვენ რამდენი წლის იყავით როცა მიხვდით რომ დედას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა?

პირველ კლასამდე ჩვეულებრივად, როგორც ყველა მშობელი ისე მივლიდა. შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა.  ჩვენ ნუცუბიძეზე ვცხოვრობდით. დედა ასათიანზე იწვა და იქიდან იპარებოდა ხოლმე. რომ დავინახავდი, შეშინებული მივრბოდი ბებიასთან - დედა მოდის-მეთქი და ვიმალებოდი. აგრესიული იყო - ხან დანით მოგვდევდა მე და ბებიას, ხან „ბრიტვით“, ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებდა. სახლში შესვლა მეშინოდა, მაგრამ მაინც შევდიოდი. მეშინოდა ბებო არ მოეკლა.

მე-5, ან მე-6 კლასში ვიყავი, როცა მორიგეობით გვეძინა მე და ბებიაჩემს. ორივეს ერთად რომ ჩაგვძინებოდა, შეიძლება რამე ჩაერტყა, დავეხოცეთ.

კლინიკიდან ხშირად იპარებოდა?

საკმაოდ ხშირად იპარებოდა, ან ბებიაჩემს მოჰყავდა ხოლმე. წამლებს თუ სვამდა, არ იყო აგრესიული, სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა. სახლში რომ იყო, გვატყუებდა დავლიეო. მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის კი არ იყო პრობლემა, მეზობლებისთვისაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ხშირად პოლიციის ძალით მიჰყავდათ საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა ვიყავი, ყველა დღე და ყველა შემთხვევა ძალიან კარგად მახსოვს.

როგორი ბავშვი იყავით?

არ ვიყავი გახსნილი ბავშვი. ძირითად მარტო ვიჯექი მერხთან. ვერ ვიტყვი, რომ ამან დამაკომპლექსა. არცერთ ჩემს კლასელს არ წამოუძახებია ჩემთვის „გიჟის შვილი“ ხარო. თუმცა, ერთი შემთხვევა მახსენდება, რამაც ჩემს კომპლექსებზე გარდამტეხი გავლენა მოახდინა. ეზოში ვიყავი, ვთამაშობდი და ერთმა ბავშვმა - მკითხა დედა სად არისო. მე გულახდილად ვუპასუხე, რომ დედას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და საავადმყოფოში იყო. მეზობელმა ქალბატონმა დამიძახა მაშინ და მითხრა, არავის უთხრა ეგ, თორემ დაგცინებენ, გიჟი დედა ჰყავსო. იმის მერე ჩავიკეტე. 5 წელია რაც ხმამაღლა ვამბობ რომ დედას მენტალური პრობლემები აქვს.

დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ დედასთან ?

16 წლის ვიყავი, როცა ბებო გარდაიცვალა და მას შემდეგ ჩემით გავიზარდე. მთელი დღეები ვმუშაობ. საკმაოდ დაბალი ანაზღაურება მაქვს და თვეში ერთხელ ვახერხებ ჩავიდე ბედიანაში, სადაც ერთადერთი სამარშუტო ტაქსი დადის და 10 წუთი ჩერდება. ამ 10 წუთში რასაც ვახერხებ, ეგ ურთიერთობა მაქვს. ახლა  ბედიანადაც რომ გადაიყვანონ, მერე რა უნდა ვქნა ნამდვილად არ ვიცი.

ცნობისთვის, ბედიანას ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ბენეფიციარები გაჰყავთ. ამ ფაქტის შესახებ „პრაიმტაიმის“ მიერ მომზადებული სტატია იხილეთ ამ ლინკზე.