ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა - დავით ზალკალიანი

16:22 10-30-2019
11

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ იკოთის მკვიდრ მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას, რომელიც მისი განცხადებით, უმთავრეს გამოწვევად რჩება.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომხდარი მკაცრად დასაგმობია და შემთხვევის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქმის კურსში საერთაშორისო თანამეგობრობა ჩააყენა. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო   აღნიშნული პრობლემის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჩვენ აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ, რაც  გამოხატულია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციაში,  მუდმივ კავშირზე ვართ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან.  გვქონდა შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, სადაც სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა დისკუსია,  რათა მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველო-რუსეთის კონფლიქტი მუდმივად იდგეს. ადამიანები იღვიძებენ მავთულხლართებით შემოსაზღვრულ გარემოში და არ აქვთ საშუალება, რომ გადაადგილდნენ თავისუფლად, ეს მართლაც კატეგორიულად მიუღებელია და აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ყველა აქტორმა, რომელიც ჩართულია ჟენევის ფორმატში, თანათავმჯდომარეებმა, ეუთომ, ევროკავშირმა, გაერომ და ასევე, აშშ-მ, რომელიც ჩვენი მთავარი სტრეტეგიული პარტნიორია განსაკუთრებული აქცენტები გააკეთონ ამ თემაზე,“-განაცხადა ზალკალიანმა.