ჩემი ვაჟის დაღუპვასთან ერთად, მთელი ჩვენი ოჯახის გული მოკვდა“- ლტოლვილი მამა სირიიდან დახმარებას ითხოვს

15:32 10-30-2019

„შოკში ვიყავი, დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი შვილი მოკლეს. ჩემი ვაჟის დაღუპვასთან ერთად, მთელი ჩვენი ოჯახის გული მოკვდა,“- შვილის დაღუპვის ისტორიას სირიელი ლტოლვილი მუსტაფა იხსენებს, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება.

მან ვაჟი, სახელად ჰიშამი დაეღუპა. ჰიშამი თურქეთიდან სირიაში დეპორტით გაუშვეს. მან საომარი მოქმედებებისგან გაქცევა და თურქეთში დაბრუნება სცადა. სწორედ ამ დროს მოხვდა ტყვია, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა.

მუსტაფას თქმით, მისი ვაჟის დეპორტაცია თურქეთიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხდა.

მუსტაფა ახლა თავის 3 შვილიშვილს, ჰიშამის შვილებს, სრულიად მარტო უვლის. იგი ახალი ცხოვრების დაწყებას, სხვა ქვეყანაში ითხოვს.

„ჩემი ოჯახის სხვა ქვეყანაში დასახლების პროცესი გადაიდო. ასე რომ, ჩვენი ბედიც ისეთივეა, როგორიც ჩემი ვაჟის, მაგრამ ეს ნელი სიკვდილია,“ - ამბობს მუსტაფა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დახმარებას ითხოვს.

BBC-ს კიდევ ერთი სირიელი ლტოლვილი გაესაუბრა, რომელმაც ანონიმურობა არჩია. ახალგაზრდა მამაკაცი აცხადებს, რომ სირიაში დაბრუნება, მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდებათ.

„გამუდმებით შიშით ვცხოვრობთ, რადგან არ ვიცით რა გველოდება. შეიძლება საკუთარი მეუღლეებისგან განგვაცალკევონ და ოჯახი დაგვინაწევრონ. ინტერვიუს შენიღბული გაძლევთ, რადგან პოლიცია ამომიცნობს და სახლში დამადგებიან. შემდეგ კი დეპორტაციის პროცესს დაიწყებენ. “- აცხადებს ლტოლვილი.

თურქეთში 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს. რამდენიმე მათგანმა BBC-ს განუცხადა, რომ ოფიციალურმა ანკარამ მათი დეპორტაცია დაიწყო და ლტოლვილებს სირიაში იძულებით აბრუნებენ.

Amnesty International-ის განცხადებით, თურქეთი ასობით სირიელ ლტოლვილს აიძულებს სამშობლოში დაბრუნებას.

სირიაში დეპორტირებული ერთ-ერთი მამაკაცი კი აცხადებს, რომ იგი საომარ ზონაში იძულებით დააბრუნეს.

„იდლიბი უსაფრთხო ადგილი არ არის. აქ გამუდმებით გვბომბავენ. რამდენიმე დღის წინ  თურქებმა სირიელი პირი მოკლეს, რადგან იგი საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. ჩემი ოჯახის წევრები თურქეთში არიან და მათი ნახვა თუ მინდა, ეს არალეგალურად უნდა გავაკეთო და სიცოცხლე რისკის ქვეშ დავაყენო. ჩემს შვილებს იქ მარტო ხომ ვერ დავტოვებ, სხვა გამოსავალი არ მაქვს, უნდა გავრისკო და დავბრუნდე თურქეთში“- აცხადებს დეპორტირებული სირიელი, რომელსაც თურქეთში მეუღლე და 5 შვილი ჰყავს.

თურქეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ სირიელი ლტოლვილების სამშობლოში იძულებით დეპორტირება არ ხდება და თითოეული მათგანი სირიაში საკუთარი ნებით დაბრუნდა.

ავტორი: მარიამ გიგანი