ტყვარჩელის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

15:26 10-30-2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 მარტს, ქ. თბილისში, ტყვარჩელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, ძარცვისთვის ნასამართლევი, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ზ.ქ., ბასრი საგნით შეიარაღებულ თანამზრახველთან ერთად, თავს დაესხა რ.ს-ს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მას გასტაცეს 50 ლარი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

სამართალდამცველებმა ზ.ქ. 2019 წლის 6 მარტს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.