რვა თვის ორსული ვიყავი, როცა ჩემი მეუღლე მეხუთე სართულიდან გადახტა - ლუდომანის ცოლის უმძიმესი ისტორია

15:06 10-30-2019
11408

გუშინ საზოგადოება კიდევ ერთმა ტრაგედიამ შეძრა. საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერიძე, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

ის წლების განმავლობაში აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. დახმარებისთვის ფსიქიატრსაც მიმართა და მოძრაობას „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“, თუმცა ლუდომანიასთან ბრძოლაში დამარცხდა...  

„პრაიმტაიმი“ ამჯერად მოგითხრობთ კიდევ ერთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანის ისტორიას, რომელმაც სუიციდი რვა თვის ორსული მეუღლის წინ სცადა.

24 წლის ნათია ხარაზიშვილი, ჯერ კიდევ ორი წლის წინ მეუღლის გადარჩენისთვის და ოჯახის შენარჩუნებისთვის იბრძოდა, თუმცა, უშედეგოდ. ლუდომანიისგან  გამოწვეული სიმძიმე საკუთარ თავზე გამოსცადა და ახლა სხვისი უფლებებისთვის იბრძვის. აქტიურად არის ჩართული მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიაში და ამბობს, რომ ამ პრობლემის გარშემო ქვეყანა უნდა გაერთიანდეს.

„მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ოჯახი სიყვარულით შევქმენით. შეყვარებულობის პერიოდი, როდესაც ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, მაშინ დაუწყია თამაში.  ქუთაისიდან არის და ვიცი, რომ 17 წლისას უკვე უპრობლემოდ უშვებდნენ სლოტკლუბებში. ამის შესახებ ვიცოდი, მაგრამ რა შედეგამგე მივიდოდით, ვერ ვიაზრებდი. უფრო სწორად, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში, თითქმის ყოველი მეორე მამაკაცი აზარტულ თამაშებს თამაშობს, მაშინ ამაში პრობლემას ვერ ვხედავდი. არ ვიცოდი მისი თამაშზე დამოკიდებულების სიმძიმე.

დაოჯახებიდან მალევე დაიწყო პრობლემები. მას უკვე დაკარგული ჰქონდა ყოველგვარი მოტივაცია. მიატოვა სწავლა და ოჯახს თუ კი რაიმე ფინანსური რესურსი გააჩნდა, ყველაფერი გამოიყენა. მერე როცა ფინანსურად ვეღარ ვუზრუნველყოფდით მის მოთხოვნებს, ოჯახის ყველა წევრი მისი ძალადობის მსხვერპლი გავხდით. ერთადერთი, რითიც შეიძლება ბედნიერება მოეპოვებინა იყო თამაში. როცა ყველა ძვირფასეულობა დავალომბარდეთ, კატეგორიულად მოითხოვდა და გვაიძულებდა ბანკიდან აგვეღო სესხი და მისთვის მიგვეცა. როცა წინააღმდეგობის გაწევა დავუწყე, გახდა ძალიან აგრესიული, ფიზიკურადაც კი შემეხო.

რვა თვის ორსული ვიყავი, როცა მორიგი კამათის დროს ვუთხარი, უნდა დაანებო  თამაშს თავი, მალე შვილი გვეყოლება-მეთქი. უცებ სახე შეეცვალა, აცრემლებულმა მომაძახა უნდა გადავხტეო და მოულოდნელად მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადახტა. შოკისგან გავშეშდი, კარგა ხანს ფანჯარას ვერ ვუახლოვდებოდი. მერე როგორღაც ძალა მოვიკრიბე და გადავიხედე. საბედნიეროდ ის ორი სართულით ქვემოთ, მეზობლის აივანზე ხელით იყო ჩამოკიდებული. მიწაზე რომ დავარდნილიყო, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. ნერვიულობაზე ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. ღმერთს მადლობა, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. ერთ თვეში ჩვენი ოჯახი დაინგრა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დამირეკა და მითხრა, თვითმკვლელობით ვაპირებ სიცოცხლის დამთავრებასო. დღეს ჩვენ არანაირი კონტაქტი აღარ გვაქვს. ვიცი, რომ საზღვარგარეთ არის წასული. იმედია, რომ კარგად არის. ერთი პერიოდი მონასტერშიც იყო წასული.

როცა ოჯახი უძლურია ასეთი პრობლემის დროს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს. არის კანონი მომგებიანი აზარტული თამაშების შესახებ, მაგრამ იქ გაწერილი ნორმები რეალურად არ სრულდება. ის ქმედითი ნაბიჯები, რაც ჩვენს სახელმწიფოს უნდა გადაედგა, არ დგამს ხალხის აქტიურობის გარეშე. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც აზარტულ თამაშეზეა დამოკიდებული. ჩვენ რეალურად დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, ყველამ ერთად მოვთხოვოთ სახელმწიფოს კატეგორიულად, რომ ბოლოს და ბოლოს ქმედითი ნაბიჯები გადადგას. დღეს თითქმის ყოველ მეორე ოჯახში დგას ეს პრობლემა. უნდა გამოვიდეთ და დავდგეთ ერთად. “ - ამბობს ნათია ხარაზიშვილი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი