დაპირების მიუხედავად, რეკრეაციისა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ხარჯზე, მშენებლობები ინტენსიურად მიმდინარეობს - ბიძინა გეგიძე

14:35 10-30-2019
126

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ვაკის მაჟორიტარმა ბიძინა გეგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თბილისში რეკრეაციულ ზონებში მიწის ნაკვეთების გასხვისებისა და უკანონო მშენებლობების შესახებ ისაუბრა.

ბიძინა გეგიძის ინფორმაციით, ვაკეში, რაგბის კავშირის კუთვნილებაში არსებული 12 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „ანაგი დეველოპმენტზე“ 2018 წლის 27 ნოემბერს გასხვისდა. ხსენებული კომპანია კი რამდენიმე კვირით ადრე დარეგისტრირდა.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული გარიგება რაგბის განვითარების ნაცვლად, კერძო ინტერესებს ემსახურება. თბილისის ცენტრალური უბნების ურბანული ოკუპაციის, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის დეფიციტის პირობებში, ვაკეში კომერციული მიზნებისთვის მიწების გასხვისება, სრულიად გაუმართლებელია. ფაქტია, რომ დღეს ვაკეში რაგბის არცერთი მოედანი აღარ არის, რაგბი ვაკიდან გაძევებულია,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ბიძინა გეგიძის აზრით, რაგბის მოედნისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საკითხის გადაწყვეტის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე.

„ტერიტორია წარმოადგენს მთლიანად რაგბის სამყაროს საკუთრებას და გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ რაგბის კავშირის ყრილობაზე და არა ცალკეულმა ადამიანებმა ერთპიროვნულად.

ანალოგიური ქაოტური სიტუაცია გვხდება სხვა ტერიტორიებზეც: მზიურში, ფიზკულტურის ინსტიტუტის მიმდებარედ, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ასევე გრძელდება ბაგებში, ე.წ. მეტრაპარკის დასახლებისა და ილია ჭავჭავაძის I ჩიხში, ნინო რამიშვილის ქუჩაზე მრავალსართულიანი კომპლექსების მშენებლობა გამწვანებულ სივრცეეში, რაც ბუნებრივი ლანდშაფტის სრულ განადგურებას გამოიწვევს.

საგანგაშოა მშენებლობა უშუალოდ მზიურის ტერიტორიაზე, რომელიც რეკრეაციული ზონაა და ძალიან მნიშვნელოვანია თბილისისთვის. უგულებელყოფილია მერიის დაპირებები, თითქოს მზიურის პარკის ტერიტორიაზე არ დაუშვებდნენ მშენებლობებს. მზიურის პარკის ტერიტორიაზე შეცვლილია მიწის ნაკვეთების ფუნქციური ზონის სტატუსი, რის საფუძველზეც გაიზარდა სამშენებლო კოეფიციენტები და სასტუმროს ასაშენებლად გაიცა ნებართვები იმ ადგილებში, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს დაიტბორა და ე.წ. წითელ ხაზებშია მოქცეული,ანუ,მდებარეობს დატბორვის ზონაში, სადაც ყოველგვარი მშენებლობა აკრძალული უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების მიზნით, აკრძალული უნდა იყოს აღნიშნულ ტერიტორიების განაშენიანება და უნდა მოეწყოს მწვანე სივრცეები, მაინც აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები, რაც სრულებით ეწინააღმდეგება მოსახლეობისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის პრინციპს“, - აცხადებს ბიძინა გეგიძე.