9 თვეში მშენებლობებზე 7802 ნებართვა გაიცა - საქსტატი

14:14 10-30-2019
11

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით საქართველოში 2019 წლის იანვარ - სექტემბერში გაცემულია 7802 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,3 პროცენტით მეტი) 5621,7 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23,9 პროცენტით მეტი).

ნებართვების 71,0 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49,2 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,0 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ზე და 10,8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 36,2 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,4 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,0 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.