ისრაელის დიპლომატიურმა მისიებმა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც მუშაობა შეაჩერეს

14:12 10-30-2019
67

ისრაელის საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს შორის არსებული უთანხმოების გამო, მთელ მსოფლიოში ისრაელის საელჩოებმა და საკონსულოებმა მუშაობა შეაჩერეს. ისრაელელი დიპლომატების გაფიცვის გამო, მუშაობა შეაჩერა საქართველოში არსებულმა ისრაელის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამაც.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, საზღვარგარეთ ყველა დიპლომატიური მისია დახუროს.

ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული უთანხმოება დიპლომატებისა და სამხედრო ატაშეების ხარჯების ანაზღაურების წესის ცვლილებას ეხება.

„ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამჟამად ისრაელს 69 მოქმედი საელჩო, 23 საკონსულო და ხუთი სპეციალური მისია აქვს. ისრაელი, ასევე არის გაეროს წარმომადგენელი.