ხელისუფულება და ოპოზიცია პროცესებს ისე უყურებს, როგორც ცირკში მიმდინარე მოვლენებს - გიორგი ანდრიაძე

13:46 10-30-2019
106

უშიშროებამ, რომელმაც ეს უნდა აღმოფხვრას, თავად პროცესის მონაწილეა,- საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების შესახებ  საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ანდრიაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია მიზნად ისახავს ეკლესიის ავტორიტეტის დაქვეითებას.

„იაკობს ახალი არაფერი უთქვამს, ახალი იყო მხოლოდ ბილწსიტყვაობა. 3 წელია იგი ამას იძახის. საქართველოს ხელისუფლება ემსახურება ანტიქათულ ინტერესებს. უშიშროებამ, რომელმაც ეს უნდა აღმოფხვრას, თავად არის პროცესის მონაწილე.

ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია და მიზნად ისახავს ეკლესიის ავტორიტეტის დაქვეითებას. თუ ადრე ეკლესიის რეიტინგი 80-ზე მეტი იყო, ახლა ის ნაკლებია“,- განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

კითხვაზე, არის ტუ არა ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესში ჩართული, მან უპასუხა, რომ მასში სახელისუფლებო სტრუქტურები არიან ჩართულები.

„ფაქტია, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები ჩართულები იყვნენ ამ პროცესში. ივანიშვილს თუ კომუნიკაცია არ ჰქონდა ამ განშტოებებთან, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც ცირკში უყურებენ მოვლენებს, ისე უყურებს ხელისუფლება და ოპოზიცია ამ მოვლენებს. ეს არის საზოგადოებიდან სარწმუნოების განდევნის პროცესი“,- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საპარლამენტო კომისიის ჩატარება საჭირო არ არის.

31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე გაირკვევა დაიწყება თუ არა ეკლესიის წიაღში ბოლო დროის მოვლენებზე მსჯელობა. მანამდე კი მეუფე იაკობი რჩება სინოდის წევრად.

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობის სკანდალური ინტერვიუ, სადაც ისაუბრა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მისი თქმით, შეხვედრაში ასევე მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე მონაწილეობდნენ და შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს. 

სკანდალური განცხადებების შემდეგ, 28 ოქტომბერს, ქორეპისკოპოსი იაკობი საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთავარეპისკოპოსი იაკობი, პირადი თხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა.