„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – სამინისტრომ ფილმი არც ამჯერად დააფინანსა

13:46 10-30-2019
38

ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კულტურის სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი უკვე მეორედ უთხრა - ამის შესახებ პროდიუსერი ქეთი დანელია წერს. დანელია ამბობს, რომ  სამინისტროს ლოს - ანჯელესში დაგეგმილი ჩვენებისთვის ოთხი ბილეთისა და ქართული სასაჩუქრე სუვენირების შეძენა სთხოვეს, თუმცა სამინისტრომ უარი იმ მოტივით თქვა, რომ ფილმი ქართული პროექტი არ არის და ის შვედეთმა წარადგინა.

ეხლა ყველაზე გადამწყვეტი ეტაპია ფილმისთვის - წინასაოსკარე კამპანია. რომელშიც უამრავი შრომა, ენერგია და ფინანსებია ჩადებული. სხვადასხვა ქვეყნებში იმართება სპეციალური ჩვენებები კინოაკადემიის წევრებისთვის. ხომ წარმოგიდგენიათ ერთი სეანსის მოწყობაც კი რამხელა რესურსს მოითხოვს, თუნდაც საქართველოში, ჰოდა ასეთი ძალიან ბევრი ჩვენებაა უკვე გაკეთებული მსოფლიოს მასშტაბით და კიდევ ბევრი დაგეგმილი. ამ ყველაფერზე არავის ვაწუხებთ, მართლა გაგებით ვეკიდებით მგონი, 50 ფესტივალზე ვიყავით და არც ერთხელ სამგზავრო გრანტი, ან სხვა აქტივობის დაფინანსება არ მოგვითხოვია.- წერს დანელია. 

ცნობილია, რომ კულტურის სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი მაისშიც თქვა, როდესაც  კანის ფესტივალზე ფილმის პრემიერა შედგა. მაშინ სამინისტროს კანში გასამგზავრებელი თანხის თხოვნით მიმართეს.