საქართველოს ეკლესიიდან განკვეთილი და მსახურებაშეჩერებული 8 მღვდელმთავარი

12:57 10-30-2019
1817

იცოდით თუ არა, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განკვეთა ოთხი მღვდელმთავარი და მღვდელმოქმედება შეუწყვიტა ოთხ ეპისკოპოსს...

მიტროპოლიტი გაიოზ (კერატიშვილი) - განიკვეთა 1980 წელს.

მიტროპოლიტი ნიკოლოზ (მახარაძე) - განიკვეთა 1983 წელს.

მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი) - განიკვეთა 1983 წელს.

მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე) - განიკვეთა 1998 წელს.

ეპისკოპოსი ილარიონ (სამხარაძე) - ჩამოერთვა ეპარქია და წმინდა სინოდის წევრობა 1978 წელს.

მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი) - ჩამოერთვა წმინდა სინოდის წევრობა და ეპარქია 1978 წელს.

მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) - შეუჩერდა მღვდელმოქმედება და ჩამოერთვა წმინდა სინოდის წევრობა 1984 წელს

ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) - ჩამოერთვა ეპარქია, წმინდა სინოდის წევრობა და შეუჩერდა მღვდელმოქმედება 1995 წელეს

ცალკე მსჯელობის საგანია ქრისტეფორე წამალაიძე და მისი „სამღვდელოება“. მისი საქმე სინოდმა რამდენჯერმე განიხილა, ბოლოს - 2017 წელს.

1995 წლის 5 აპრილიდან ეპისკოპოსი ქრისტეფორე განაგებდა ურბნისისა და რუისის ეპარქიას, სადაც მოხდა სერიოზული დაპირისპირება მრევლსა და მმართველ მღვდელმთავარს შორის. 1995 წლის 31 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ურბნისისა და რუისის სამღვდელოებისა და მრევლის საჩივარი და განაჩინა:

„ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიეცეს უკანასკნელი გაფრთხილება, რათა მისი მოქმედებანი არ იყოს დამაბრკოლებელი მართლმადიდებელი მრევლისთვის, განთავისუფლდეს ურბნისისა და რუისის ეპარქიიდან და გადაყვანილ იქნას ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის მმართველად“.

1995 წლის 17 სექტემბერს წმინდა სინოდი კვლავ დაუბრუნდა ეპისკოპოს ქრისტეფორეს საკითხს და დაადგინა:

„წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების სისტემატური დარღვევის გამო წმინდა სინოდის მიერ გამოცხადებული უკანასკნელი გაფრთხილების უგულებელყოფისთვის, ეპარქიის უნებართვოდ მიტოვებისთვის და საქართველოდან უცხოეთში თვითნებურად გამგზავრებისთვის ეპისკოპოსი ქრისტეფორე გამოყვანილ იქნა წმინდა სინოდის შემადგენლობიდან, ჩამოერთვა ეპარქიის მმართველობა და აეკრძალა მღვდელმოქმედება“.

მოუნანიებლობის შემთხვევაში წმინდა სინოდი წამალაიძეს განკვეთით დაემუქრა. 2000 წლის 14 დეკემბერს წმინდა სინოდმა კიდევ ერთხელ განიხილა მღვდელმოქმედებააკრძალულ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდისადმი და პასუხები სინოდის მიერ დანიშნული კომისიის თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილ მარგველ მიტროპოლიტ კონსტანტინეს მიერ მისთვის დასმულ კითხვებზე. ვინაიდან პასუხები შეუსაბამოდ და არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული, წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) დარჩეს მღვდელმოქმედების აკრძალვაში და მიეცეს საბოლოო გაფრთხილება. 

2017 წლის 11 დეკემბრის სინოდის სხდომის განჩინებაში კი ვითხულობთ:

„ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიეთითოს, რომ იგი უნდა დაემორჩილოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იგი გამწესებული იყო მონასტერში სინანულისათვის; წინააღმდეგ შემთხვევაში წმიდა სინოდი განსახილველად აღარ დაუბრუნდება მის პერსონალურ საკითხს“.