უპატივცემულობა თუ „გაქცევა“ - ვინ (არ) დაესწრო დღეს ანაკლიის პროექტის განხილვას პარლამენტში

12:39 10-30-2019
93

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების მოწვევით საპარლამენტო ფორმატში ანაკლიის პროექტს განიხილავენ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანს დეპუტატებთან პროექტის მნიშვნელობაზე და მის ირგვლივ არსებულ კითხვებზე უნდა ეპასუხა.

დამოუკიდებელი დეპუტატები ამ შეხვედრას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის აზრით პროექტს საჯარო დისკუსიებზე მეტად სამუშაო შეხვედრები და საქმეზე ორიენტირებული მუშაობა სჭირდება.

დღევანდელ მოსმენას არ დასწრებია ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, მინისტრმა წერილობითი პასუხი გამოაგზავნა, რომ მოსმენას ვერ დაესწრებოდა.

„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გამოხატა უპატივცემულობა იმ მოცემულობაში, როდესაც დიდი უმრავლესობა გააჩნია. შევთავაზეთ, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს მობრძანებულიყო საკუთარი უმრავლესობის წევრებით დაახლოებით 100 დეპუტატია პარლამენტში, მაგრამ უარი თქვა შეთავაზებაზე და წერილი მოგვწერა, რომელიც ძალიან არაეთიკურია. ვიცე-პრემიერია, არის მთავარი პოლიტიკური ფიგურა და ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას. შეცდომა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე დაუშვა. კითხვებზე პასუხის არ გაცემა ნიშნავს, გაქცევას“,- აცხადებს გოგიჩაიშვილი.