კელი დეგნანი - ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, დავეხმარო საქართველოს შეძლოს რუსეთის მავნე ქმედებებთან გამკლავება

11:45 10-30-2019
37

ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, დავეხმარო საქართველოს მთავრობასა და ხალხს, შეძლოს რუსეთის მავნე ქმედებებთან და ჩინეთის მზარდ გავლენასთან გამკლავება,– ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილმა კელი დეგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილი კანდიდატი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხს შეეხო და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„სავარაუდოდ, სწორედ ასეთი წარმატების გამო საქართველო კვლავ არის რუსეთის დესტაბილიზაციური და დესტრუქციული ქმედებების სამიზნე. აშშ-ი დარჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე დამცველად. მტკიცედ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის განგრძობად ოკუპაციას და რუსეთის მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ბორდერიზაციის მცდელობას. რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილი ამ კონფლიქტებიდან გამოსავალი არის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ჯარების გაყვანა კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ჰუმანიტარული ორგანიზაციების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღება. ჩემი ელჩად დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, განვამტკიცო ჩვენი ძალისხმევა, რათა დავეხმარო საქართველოს მთავრობასა და ხალხს, ააშენოს ძლიერი და აყვავებული საზოგადოება, რომელიც აფასებს მის მრავალფეროვან მემკვიდრეობას და შეუძლია რუსეთის მავნე ქმედებებთან და ჩინეთის მზარდ გავლენასთან გამკლავება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალ ტრამპმა კელი დეგნანი საქართველოში ელჩის პოზიციაზე სექტემბრის დასაწყისში წარადგინა. კელი დეგნანი არის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მოღვაწეობს. ამ პოზიციის დაკავებამდე, კელი დეგნანი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში.

25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. კელი დეგნანი იყო სახელმწიფო მდივნისა და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის სპეციალური მოადგილე. მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. კელი დეგნანი არის სახელმწიფო მდივნის ESA ჯილდოს მფლობელი და საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე.