ფაქტები დროში აცდენილია და გამოძიება ვერ დაიწყება - თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებებზე

10:49 10-30-2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, შალვა თადუმაძე საპატრიარქოში მომხდარ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, განცხადებები, რომლებიც გაჟღერდა დროში აცდენილია და მასზე საგამოძიებო ორგანო გამოძიებას ვერ დაიწყებს.

„სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას  იმ განცხადების შესაბამისად იწყებენ, რომელიც მიმართულია საგამოძიებო ორგანოში ან სინამდვილის რაღაც ელემენტებს შეიცავს. განცხადება, რომელშიც დროის მოვლენებისა და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა და რეალობისგანაა აცდენილი, ბუნებრივია, რომ საგამოძიებო ორგანო მასზე გამოძიებას ვერ დაიწყებს.დროში აცდენილია პირველ რიგში იმიტომ,რომ  მაღალი თანამდებობის პირებზეა, რომლებიც იმ დროს თანამდებობებზე არ იყვნენ და მეორეც დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადება არ ყოფილა.

აღნიშნულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ,  იქიდან გამომდინარე, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები იმ მოვლენებთან,რომლებზეც არის საუბარი დროში აცდენილია. თუ არსებობს რამე კონკრეტული ფაქტები ყველას, მათ შორის, სასულიერო პირს უფლება აქვს  სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს, ჩამოაყალიბოს თავისი ერთიან პოზიცია და სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ”,-განაცხადა თადუმაძემ.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს.