გაასამართლებენ თუ არა საეკლესიო კანონით მეუფე იაკობს

23:21 10-29-2019
127

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურმა მამა ანდრია სარია ამბობს, რომ მეუფე იაკობს საეკლესიო კანონიკით გაასამართლებს სინოდი. ამის შესახებ მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

„მეუფე იაკობი პირდაპირი მნიშვნელობით საეკლესიო კანონით უნდა გასამართლდეს. სინოდი პირველ რიგში ამაზე იმსჯელებს, მაგრამ ჩვენც გვაქვს მორალური უფლება ქრისტიანებს, მრევლს, სასულიერო პირებს, ხმამაღლა განვიხილოთ და განვსაჯოთ, რომ არ ვეთანხმებით ასეთ ღია განცხადებებს. მამა გიორგი მამალაძეს სხვა კი არაფერი არ უთქვამს, რასაც მეუფე იაკობი ამბობს. მეუფე იაკობმა პირდაპირ თქვა, რომ ფარცხალაძეს თავს მოვაჭრიო, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ფარცხალაძე, ეს ცალკე განსჯის საკითხია, მაგრამ მღვდელმთავარი საუბრობდეს ვინმეს მოკვლაზე, არ ვიცი...

რაც შეეხება სასჯელს, როცა მღვდელმთავარი იქცევა შეუსაბამოდ მისი ხარისხისა, ზნეობრივი კოდექსებიც გვაქვს, ამას კვალიფიკაციას სინოდის წევრები მიანიჭებენ და ეს კონკრეტული რომელიმე სინოდის წევრის გადასაწყვეტი არ არის. ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს სინოდის სრული შემადგენლობა. საეკლესიო კანონიკით, თუ ადამიანი ერთ ტყუილს იტყვის, მისი სხვა სიმართლეც არ დაიჯერება. “ - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

                            რა უძღოდა წინ სინოდის სხდომის დანიშვნას

26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მისი თქმით, შეხვედრაში ასევე მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე მონაწილეობდნენ და შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს. 

სკანდალური განცხადებების შემდეგ, 28 ოქტომბერს, ქორეპისკოპოსი იაკობი საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთავარეპისკოპოსი იაკობი, პირადი თხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა.