განათლების ცენტრმა შალვა თადუმაძის დიპლომის შესახებ ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეებს გადასცა

23:20 10-29-2019
327

გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაცია და დოკუმენტების ასლი გადასცა, რაც ცენტრში ინახებოდა.

განათლების ცენტრს მიმართეს სახალხო დამცველის მოადგილეებმა (ორი სხვადასხვა წერილით), პარლამენტის წევრებმა: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ასევე სერგო რატიანმა და ირაკლი აბესაძემ; არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (ოთხი სხვადასხვა წერილით) და თადუმაძის წარმომადგენელმა.  ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ეკა ბაღიშვილის განცხადებით, საკითხები ეხებოდა შალვა თადუმაძის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ასევე, იმ პერიოდში მოქმედ რეგულაციებს.

„საკითხები ეხებოდა შალვა თადუმაძის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ასევე, იმ პერიოდში მოქმედ რეგულაციებს, სწავლების ფორმებს, ზოგადად, განათლების აღიარებას და გათანაბრებას და ა.შ. თითოეულმა მათგანმა ამ დასმულ კითხვებზე მიიღო ამომწურავი პასუხები ცენტრიდან, მათ შორის, მათი მოთხოვნის საფუძველზე გადაეცათ იმ დოკუმენტაციის ასლები, რაც ცენტრში ინახებოდა“, - განაცხადა ბაღიშვილმა.