ქვა და ფანტაზია - მარიამ კოზმანიშვილი ქვებით უნიკალურ ნაკეთობებს აწყობს - ფოტოები

18:20 10-29-2019
244

ქვისგან პირველად, ოტია იოსელიანის პატარა ქანდაკება გააკეთა. ეს დაახლოებით ათი წლის წინ მოხდა. მას შემდეგ, მარიამ კოზმანიშვილმა ათასობით ქვა გააცოცხლა და ახალი სახე შესძინა.

width=600

„პირველად ქვას ქუჩაში მივაქციე ყურადღება. გავუარე და უკან დავბრუნდი.დავაკვირდი და ძალიან ჰგავდა, ყველასთვის საყვარელ მწერალს, ოტია იოსელიანს. ასე დაიბადა მისი ქანდაკება ქვისგან, რომლის ფოტო, სამწუხაროდ, ვერ შემოვინახე“, - ამბობს მარიამი.width=600

ხელოვანმა ხატვა არ იცის. წინასწარ არც ესკიზი აქვს, რა სახეს მიიღებს ახალი ნაკეთობა. მარიამი ამბობს, რომ ფორმასა და ისტორიას ქვები თავად პოულობენ.

„ყველა ქვას თავისი ნახატი აქვს. თვითონ იკვლევს გზას და ქმნის საკუთარ ისტორიას. ხატვა არ ვიცი. წებო და ფანტაზია მაქვს“, - აგრძელებს ის თხრობას.

width=600

ქვაზე მუშაობამ იმდენად გაიტაცა, რომ პირველ თვეებში ორასზე მეტი ნამუშევარი ჰქონდა. დროთა განმავლობაში, ნაკეთობების რაოდენობა გაიზარდა და ქვების მესაიდუმლე დიასახლისის პატარა სახლი ნაკეთობებს ვეღარ იტევდა.

„სახლი პატარაა, ნაირფერ ქვებს ვეღარ იტევდა. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე და აპრილში, საკუთარ დაბადების დღეზე, ასზე მეტი ნაკეთობა გავაჩუქე. მოკლედ, პატრონი გამოვუჩინე“, - ყვება ხელოვანი „პრაიმტაიმთან“.

width=600

ქვებით გატაცება დიდხანს გაგრძელდა. ახალი ნაკეთობები და ისტორიები თითქმის ყოველდღე იქმნებოდა. დაუღალავ შრომას და ფიქრს კი რამდენიმე გამოფენა და აღიარებაც მოყვა.

რამდენიმე გამოფენაში ვმონაწილეობდი. ერთი, მათ შორის, ათდღიანი გამოფენა- გაყიდვაც იყო. ბევრი გაიყიდა და ინტერესიც დიდი იყო- ამბობს მარიამი.

ახლა მარიამ კოზმანიშვილს ათასზე მეტი ნამუშევარი აქვს. სივიწროვის გამო, ბევრმა ყუთში გადაინაცვლა, ზოგმა სხვა პატრონი იპოვა. იმდენს აღარ, მაგრამ მუზა რომ მოდის, ახლებს მაინც აკეთებს.

„ქვამ თითქოს დამტოვა, სივიწროვეა, ადგილს ვეღარ ვუძებნი და შედარებით ნაკლებს ვმუშაობ“, - ამბობს მარიამი.

თუმცა, ქუჩაში შეგროვილი, იდუმალნახატებიანი, ფერად-ფერადი ქვები ახალ ისტორიას მაინც ელოდებიან.

width=600

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი