ეკონომიკის მინისტრი: ბიძინა ივანიშვილის „გრანდიოზული“ პროექტი წყალტუბოსთვის მომგებიანი იქნება

17:09 10-29-2019
23

იმერეთში, ვიზიტად მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წყალტუბოს ის ერთ-ერთი სანატორიუმი მოინახულა, რომელი ყიდვასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს. მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის „გრანდიოზული“ პროექტი მომგებიანი იქნება წყალტუბოსთვის.

„ეს არის გრანდიოზული ინიციატივა და დიდი გამოწვევა, რომელსაც მთავრობები ვერ გაუმკლავდა დღემდე. გარკვეული ინფრასტრუქტურაც აშენდა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში 4-ზე მეტი სანატორიუმის პრივატიზება ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ წერტილოვანი ინიციატივებით მისი აღორძინება შეუძლებელია. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის ფარგლებში, წყალტუბო არა მხოლოდ აღიდგენს ძველ დიდებას, არამედ ის გაცდება აღმოსავლეთ ევროპაში საკურორტო მიზიდულობის ერთ-ერთი ცენტრი. ეს არის სრული ქველმოქმედება, რადგან რეალობამ გვიჩვენა, რომ ამას ბიზნესი ვერ უმკლავდება. ის თავის თავზე აიღებს ყველა ხარჯს, საუბარია ასეულობით მილიონზე. ამავდროულად, ის გადასცემს ყოველი მოგების გარეშე სანატორიუმებს კერძო ბიზნესს“, - ამბობს თურნავა.

თუმცა, მინისტრი ვერ აკონკრეტებს რა ფასად შეიძენს ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს სანატორიუმებს ან კონკრეტულად რა ვადებზე აღწერილი წყალტუბოს „აღორძინების“ პროექტი.
თუმცა, ირწმუნება, რომ 20 000 ადამიანი დასაქმდება.

პროექტის განხორციელების შემდეგ, თურნავა წყალტუბოში მილიონ ტურისტს ელოდება.