„წყალტუბოს აღორძინების პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივებს“ - აბუსერიძე

16:53 10-29-2019
16

„წყალტუბოს აღორძინების პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივებს“,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი აბუსერიძე  ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვარ, წყალტუბოს განვითარების გეგმა, ისევე როგორც მრავალი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, იქნება კიდევ ერთი წარმატებული წამოწყება ქართული ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. წყალტუბოს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, სამედიცინო ტურიზმის კუთხით გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი მთელი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და მოიზიდოს უამრავი ტურისტი. აღნიშნული მიზანი მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების უზრუნველყოფა.

გარდა გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის მოტანისა, რეგიონის განვითარების გეგმა მნიშვნელოვანწილად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე: პროექტის განხორციელება გაზრდის ინვესტორების ინტერესს რეგიონის მიმართ, რაც, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებას,“ - აცხადებს ირაკლი აბუსერიძე.

ცნობისთვის,პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.