ლაშა პაპაშვილი: ივანიშვილის ეს განცხადება სწორია, როცა ინვესტორი ხედავს, რომ რეალურად აფასებს ხელისუფლება ტურისტული ზონის პოტენციალს და აქვს გეგმები, ჩნდება დამატებითი მოტივაცია

16:52 10-29-2019
58

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ კურორტ წყალტუბოს აღორძინების პროექტი, ადგილობრივებს, ბიზნესმენებსა და პოტენციურ ინვესტორებს დამატებით მოტივაციას შეუქმნის.

„მთავრობის წევრები ყოველთვის უნდა დაუკვირდნენ თავიანთ გაცხადებას, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება, ზოგჯერ მხოლოდ განცხადებით შეუძლიათ დაასტაბილუროს ამა თუ იმ პოლიტიკოსმა, თუნდაც ლარის კურსი და არა მარტო ლარის კურსი, მოიზიდოს ინვესტიციები და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება არის სწორი განცხადება, სწორი მესიჯები, სწორი ანალიტიკა, როცა ხედავს ინვესტორი რომ რეალურად აფასებს ხელისუფლება ტურისტული ზონის პოტენციალს და აქვს გეგმები, ჩნდება დამატებითი მოტივაცია“,- აცხადებს ბიზნესმენი.

მისივე განცხადებით, აბასთუმნის განვითარება არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ უჩნდება ბიზნესმენს კონკრეტულ ზონაში ბიზნესის განვითარების სურვილი.

„აბასთუმნის მაგალითზე ვიტყვი რომ, რაც იქ მოხდა ნამდვილად ხელშემწყობია ბიზნესისთვის, მილიონები დახარჯა სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში და ეს ჩვენთვის ინვესტიციების ჩასადებად ერთგვარი მაგნიტი გახდა, მე აქტივებს ვფლობ იქ ბოლო 10 წელზე მეტია, მაგრამ ასეთი მასშტაბური პროექტები, რასაც ახლა ვაკეთებ, მანამდე არც გვიფიქრია, იმიტომ რომ არ იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი არის დამატებითი მოტივაცია, როგორც იქ მყოფი ბიზნესმენებისთვის, ისე პოტენციური ინვესტორისთვის. ბიზნესმენი და პარტიის ხელმძღვანელი როცა ასეთ განცხადებას აკეთებს, ჩნდება დამატებითი გარანტიები. ჩვენ აღარც კი დაველოდეთ განხორციელებას, ხომ შეიძლება არ განვითარებულიყო და განცხადება დარჩენილიყო განცხადებად, მაგრამ ეგრევე დავიწყეთ, ჩვენი ქონების აღორძინება“,- განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.