„აქ ჩვენი ყოველდღიური სტრესია ნაჩვენები“ - გამოფენა „ფორმა და სივრცე“ გაიხსნა

16:02 10-29-2019

გამოფენამ „ფორმა და სივრცე“ 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამთვალიერებელს სიამოვნება მოგვარა. საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმილ პროექტთა ციკლთაგან ეს პირველი პროექტია. 

,,ფორმა და სივრცე ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, რომელიც ხელოვნების ერთ-ერთ ურთულეს დარგს -  ქანდაკებას მიეძღვნა და სხვადასხვა თაობის მოქანდაკეებს მოუყარა თავი. გამოფენა, რომელიც ერთგვარი ექსკურსია, თუ რა ხდება დღეს ამ დარგში, სამ დღეს გასტანს. ბიბლიოთეკის სივრცემ ძალიან მოიხდინა სხვადასხვა სტილსა და ჟანრში მომუშავე მოქანდაკეების ნამუშევრები. დარბაზის ცენტრში მიხეილ სვანიძის ძალზედ საინტერესო ინსტალაცია დაგხვდებათ.

ეს არის კოსმოსის იმიტაციის მქონე ოვალური ფიგურა თავზე ჩამოკიდებული მარკერებით. ვიზიტორებს ამ მარკერებით ფიგურაზე ავტოგრაფის დატოვება შეუძლიათ, ხოლო გამოსახულების ზემოდან ხილვის საშუალება დამთვალიერებელს მონიტორზე აქვს. ხის, ბრინჯაოს, თაბაშირის, აკრილიკის, ქვის ნამუშევრებს საინტერესო შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია.

რაც შეეხება ავტორებს, ესენი არიან - მერაბ სურვილაძე, რუსუდან გაჩეჩილაძე, ბექა ტაბაღუა, ვლადიმერ (ვალო) იმერლიშვილი, მანუჩარ ოქროსცვარიძე, მიხეილ სვანიძე, დაჩი წერეთელი, თამარ თოიძე, თორნიკე გაბედავა, გულოვან ხორავა, ნატალია ლაშხი, მიხეილ ჭანტურია, ზურაბ გომელაური. ამ ხელოვანების ნაშრომებს, ხშირ შემთხვევაში არ იცნობენ, ამდენად გამოფენა არ უნდა გამოტოვოთ. 

უფროსი თაობის წარმომადგენელებს შორის თენგიზ სეფიაშვილის შემოქმედებასაც გაეცნობა დამთვალიერებელი. თენგიზ სეფიაშვილი, რომელიც პროფესიით არქიტექტორია, წლების განმავლობაში საგამოფენო დიზაინში მუშაობდა და სხვადასხვა ქვეყნების გამოფენებში მონაწილეობდა. ,,ფორმა და სივრცე’’ მის არქიტექტურულ ისტრუქტურებისა და საინჟინრო კონსტრუქციების მსგავს ნიმუშს წარმოგიდგენთ.

თენგიზ სეფიაშვილი: - ემოციის ქვეშ ვარ, იმდენი დიდი ხნის უნახავი ხელოვანი ვნახე. მნიშვნელოვანი გამოფენაა, სხვადასხვა ასაკის მოქანდაკეები ვმონაწილეობთ და ხალხი ნახავს, რას ვაკეთებთ. თუ მსგავსი გამოფენები ხშირად მოეწყობა, წინ წავალთ ხელოვნების ამ დარგში. რაც შეეხება ჩემ ნამუშევარს, მას „დედაბოძი“ ქვია. ქალზე ბევრი რამაა დამოკიდებული. 

მერაბ სურვილაძე ბრიუსელიდან ამ გამოფენისთვის სპეციალურად ჩამოვიდა. მისი პატარა აკრილიკის კაცუნები ყველა ასაკის დამთვალიერებლის დიდ მოწონებას იმსახურებდა. ზემოდან რომ უყურებ ადამიანების ამ პატარა ფიგურებს, ხვდები, რომ სამყაროს შემქმნელის თვალში ასეთი სასაცილოები ვართ, ჩვენს ყოფაში, ქაოსში, მიზნებში ჩაძირულები და მოფუსფუსეები...

მერაბ სურვილაძე: - ეს არის ჩრდილების სერია, აკრილიკის ფიგურები, რომელზეც თვეზე მეტია ვიმუშავე, მაგრამ ინტენსიურად. დღეში 12 საათიანი შრომა უძღვის წინ. მექანიკური 3 D-ა. ჩემი ცოლი დანტისტია და სახლში ხელოვნური კბილის მასალა, პლასტმასი მოიტანა და კარკასებად გამოვიყენე, ფერში ამოვავლე. მერე ვიფიქრე, აბა, მხოლოდ ფერი რომ გავაკეთო, რას იზამს-მეთქი. თავიდან ბევრი  დრო მიჰქონდა ამ კაცუნების კეთებას, მერე ხელობა დავხვეწე, ტექნიკა შევიმუშავე, თორემ ნახევარი წელი დამჭირდებოდა მის გასაკეთებლად. 

- ასეთები ვართ ადამიანები?

- ამ ნაშრომის უკან კონტექსტია და ჩემი მხრიდან გაფრთხილებაა. აქ ჩვენი ყოველდღიური სტრესია ნაჩვენები, ქაოსია... ნამუშევარს  „ჩრდილები“ ქვია, შუქის მოხვედრისას რასაც გვინდა, იმას წარმოვიდგენთ. 

მერაბ სურვილაძის კაცუნებმა მუსიკოსი და პოეტი გია ნიკოლაძე (ნიკოლშოუ) მოხიბლა.

გია ნიკოლაძე: - ძალიან მომწონს გამოფენა. ასეთი ინიციატივების მოხარული ვარ. ვისურვებდი ხშირად ჩატარდეს. ყველა ნამუშევარს თავისი აურის დაჭერა უნდა. რომ შემოდიხარ თვალში გხვდება ეს კაცუნები, შუაგულში მდგომი ინსტალაციაც მომწონს, მაგარი მოფიქრებულია.

ექსპოზიციის შემადგენელი ნაწილი გახლდათ ხმოვანი არტი, პერფომანსის ავტორი კი ერეკლე გეწაძე იყო. 

ერეკლე გეწაძე: - რასაც ვუკრავ სრული იმპროვიზაციაა. გამოფენის სახელიდან გამომდინარე გადავწყვიტე სივრცული, უწყვეტი და არაკონკრეტული მელოდიით გამეფორმებინა გახსნა. 

გამოფენის გახსნის დღე „გერას“ სოციალური პროექტების ხელმძღვანელის ელიჩკა ნადარეიშვილის დაბადების დღეს დაემთხვა. პროექტის ხელმძღვანელი გახსნით კმაყოფილი ჩანდა. 

ელიჩკა ნადარეიშვილი: - მე მგონი, ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვიდა, კმაყოფილი ვარ. ბევრი შრომა ჩავდეთ ამ პროექტში და ბოლო დღეები განსაკუთრებულად მძიმე იყო, ტექნიკური მხარის გათვალისწინებით. სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა კონცეფციასა და მასალაში მომუშავე მოქანდაკეები არიან წარმოდგენილნი და ეს გამოფენა ამით არის საინტერესო. ექსპოზიციის მოწყობისას ბიბლიოთეკის სივრცე რთული ასათვისებელი იყო, თუმცა მოვერიეთ და გავაკეთეთ. 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე