სამი ცნობილი ქალი გია მატარაძის ცხოვრებაში - როგორ იხსენებენ ყოფილი მეუღლეები?

15:58 10-29-2019
6

მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი გია მატარაძე 1993 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც თეატრალურ წრეებში ამბობენ, საკუთარ რომანებზე ფილმები რომ გადაეღო, ალბათ, დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეჟისორი იქნებოდა. მის ცხოვრებაში ხომ სამი საბედისწერო ქალი იყო – სამი ცნობილი და ძლიერი ქალბატონი. სამივეს გია მატარაძისადმი სიყვარული აერთიანებს და  აშორებს კიდეც. ახლა თითოეული მათგანი გიასთან ურთიერთობას განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს.

მსახიობ ლია კაპანაძეთან მას პირველი სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა. მათ საერთო შვილიც ჰყავთ, თუმცა ურთიერთობა ვერ აეწყო.

ლია კაპანაძე, მსახიობი:

„მე რუსთაველის თეატრში ახალი მისული ვიყავი, ის პირველ კურსზე სწავლობდა. გია ჩემმა მეგობარმა გამაცნო, მერე თეატრიდან სახლამდე მიმაცილეს. გავიდა რამდენიმე ხანი და ვხედავ, ეს ახალგაზრდა ისევ თეატრალურ ინსტიტუტთან დგას. მე ის არც კი მახსოვდა. სახლში თუ მიდიხართ, გაგაცილებთო. გამაცილა, რასაც კიდევ ბევრი გაცილება მოჰყვა. მერე სულ ერთად დავდიოდით კინოში, მეგობრებთან, ვიცოდით, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით… ორი წელი ვიყავით შეყვარებულები. მერე ორსულად დავრჩი… ყველამ იცოდა ჩვენი ურთიერთობა. ერთ სპექტაკლში ვთამაშობდით. როდესაც აკაკი ხორავას უთხრეს, ბავშვს აჩენსო, მითხრა: „მალაჩინა დევოჩკა“… ერთ მსახიობთან ვმეგობრობდი. იქ ერთი ქალბატონი მოდიოდა, 5 წლის გოგონასთან ერთად. ძალიან კაპრიზული ბავშვი იყო… წლების შემდეგ ეს 5 წლის ბავშვი აღმოჩნდა სწორედ გიას ცოლი. მარინასთან გასაყოფი არც არასოდეს არაფერი მქონია“. 

ლია კაპანაძის შემდეგ გია მატარაძემ ურთიერთობა დაიწყო სუხიშვილების მოცეკვავე ზაირა ბასილაშვილთან. წყვილი მალევე დაქორწინდა:

ზაირა ბასილაშვილი, მოცეკვავე:

„გია არაჩვეულებრივი მეუღლე იყო, არაჩვეულებრივი ცოლ-ქმარი ვიყავით, არასოდეს გვიჩხუბია. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. გაცნობიდან განშორების დღემდე, 19 წელი ვიცხოვრეთ ერთად. მაგრამ შვილი არ გვყავდა. ეტყობა, საბოლოო ჯამში, ამან გადაწყვიტა მისი სახლიდან წასვლა. ძალიან გამიჭირდა. სამ წელში ღმერთმა გადმომხედა და შემხვდა არაჩვეულებრივი ადამიანი. ბედნიერი ვარ, რომ გიზო დოლიძის მეუღლე ვარ. 27 წელია უკვე ერთად ვართ“…

რეჟისორის უკანასკნელი სიყვარული თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი, ამჟამად კი ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი მარინა კახიანი აღმოჩნდა. მარინა 20 წლის სტუდენტი იყო, გია 18 წლით უფროსი ლექტორი. მათ ერთად 12 წელი იცხოვრეს…

მარინა კახიანი, მსახიობი:

„მეოთხე კურსზე ვიყავი, ჩვენი ჯგუფი ბატონმა რობიკომ აიყვანა. ჯგუფის აყვანიდან რამდენიმე ხანში მას რაღაც პერიოდი სპექტაკლის დასადგმელად ლონდონში წასვლა მოუწია, რობიკო გიამ შეცვალა, როგორც პედაგოგმა… პირველივე შეხედვით მივხვდი, რომ ჩემ მიმართ რაღაც გრძნობები გაუჩნდა. შემდეგ უკვე ძალიან მალე განვითარდა მოვლენები. მაშინ  20 წლის ვიყავი. ძალიან ლამაზ რაღაცებს აკეთებდა ჩემთვის. ყვავილების მორთმევაც კი სხვანაირად, განსაკუთრებულად იცოდა. მახსოვს, ახალ წელს თავის მშობლებთან წავიდა თელავში, პირველ იანვარს ჩვენი ჯგუფი და ბატონი რობიკო ერთად ვხვდებოდით. უცებ, ღამის პირველ საათზე, კარი გაიღო და შემოვიდა გაცისკროვნებული და ბედნიერი, ყვავილებით. ბატონმა რობიკომ მაშინ თქვა: მშურს მამაკაცების, რომლებსაც ასეთი დიდი სიყვარული და ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათო… გიას ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი ჰქონია, მე კი ეს ბოლომდე არ ვიცოდი… იქიდან მანქანით წამომიყვანა, გავისეირნოთო… გავიფიქრე, ნეტავ, გათოვდებოდეს-მეთქი. ავუყევით ოქროყანის სერპანტინს. ჰოდა, როცა ოქროყანაში შევდიოდით, უცებ თოვლი წამოვიდა. ცხოვრებაში ასეთი დამთხვევები ხშირად არ ხდება. მანქანაში ლამაზი მუსიკა, ორი შეყვარებული ადამიანი და გარეთ ლამაზი თოვლი… ეს იყო ძალიან რომანტიკული და ძალიან ლამაზი წუთები, რომელიც სამუდამოდ დამამახსოვრდა“.

„პრაიმტაიმი“ (არქივი)