„უპასუხისმგებლო, პოლიტიზირებული აქტივობა, ჩემთვის გაუმართლებელია“, – ქეთევან ციხელაშვილი

14:54 10-29-2019
2

საოკუპაციო ხაზთან, მოქალაქეები თავიანთ პროტესტს, პერიოდულად, სხვადასხვაგვარად გამოხატავენ ხოლმე და ამ სამოქალაქო აქტივობებს, ზოგჯერ, არც ისე სახარბიელო, უფრო დამაზიანებელი ფორმაც კი აქვს.

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ:

– ზოგადად, ოკუპაციის თემის მიმართ სამოქალაქო აქტივობასა და მგრძნობელობას, დადებითად ვაფასებ, რადგან არ წარმომიდგენია, ამ ქვეყანაში ცხოვრობდე და არ გქონდეს იმის განცდა, რომ მთავარი გამოწვევა სწორედ ოკუპაციაა და ამას ერთიანი ძალისხმევითა და ენერგიით უნდა გავუმკლავდეთ. ზოგიერთ ქმედებას კი, არ ვიცი, სამოქალაქო აქტივობა ვუწოდო, თუ – არა. ზოგჯერ, ძალიან კონკრეტულად ჩანს, რომ რაღაც მოქმედებამ შეიძლება სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს, მაგრამ მაინც ასეთი მოქმედებისკენაა სწრაფვა. ამას სამოქალაქო აქტივობას ვერ ვეძახი, პატრიოტიზმი ის არ არის, ვინ უფრო ხმამაღლა იყვირებს და გულზე მჯიღს დაირტყამს. ერთი კითხვა უნდა დაუსვან საკუთარ თავს – დღეს რომ მე ამას გავაკეთებ, ხვალ რა მოჰყვება ამ ქვეყნისთვის? იმ სოფელში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის? თუ გართულების და უარესი სიტუაციის დადგომის საფრთხეს ვხედავ, ასეთი ქმედება გაუმართლებელია. ხშირად, ეს პოლიტიზირებული აქტივობებია, საუბედუროდ. სახელმწიფოებრივი და საერთო ეროვნული საკითხები არ შეიძლება იყოს ვიწრო პოლიტიკური დღისწესრიგის ნაწილი, როგორც ზოგჯერ ხდება ხოლმე.

ოკუპაციის თემებით, ადამიანების ბედით ასე მანიპულირება, ქვების სროლა არ შეიძლება. ეს სიტუაციას ართულებს და ჩვენს წისქვილზე არ ასხამს წყალს. სამოქალაქო აქტივობა, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობითაა აღჭურვილი, კარგია, მაგრამ უპასუხისმგებლო აქტივობა, რომელიც პოლიტიზირებულია, ჩემთვის გაუმართლებელია. 

 

ავტორი: თამთა დადეშელი