ოქრუაშვილის საქმის პროკურორი: ადვოკატების აცილებაზე ინფორმაცია არ გვქონდა

13:53 10-29-2019
17

ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურორის, გიორგი მუკბანიანის განცხადებით, მათ ადვოკატის აცილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პროცესი პირველად გადაიდო, სასამართლომაც განმარტა, რომ შესაძლებელია მისი მხრიდან, ადგილი ჰქონდეს პროცესის გაჭიანურებას.

„რატომ დააყენა ეს შუამდგომლობა, ამას ვერ განვმარტავ, ბრალდებულის უფლებაა ნებისმიერ დროს აირჩიოს ადვოკატი.

ჩვენ დღეს წარმოდგენილი გვყავდა მოწმეები, რომლებიც უნდა დაკითხულიყვნენ სასამართლო პროცესზე. დღეს პირველი შემთხვევა იყო პროცესის გადადების, თუმცა, სასამართლომაც განმარტა, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მისი მხრიდან პროცესის გაჭიანურების მცდელობას. სასამართლომ სახაზინო წესით დაუნიშნა ადვოკატი, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგ სხდომაზე ბრალდებულს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე ეყოლება.

ჯამში დასაკითხია 400 მოწმეზე მეტი, მაგრამ მოწმეების ზუსტი რაოდენობა არ არის დადგენილი. ჩვენ შესაძლოა, დავკითხოთ მოწმეების ნაწილი, რომლითაც მივიჩნევთ, რომ  მისთვის წაყენებული ბრალდება დადასტურდება, - განაცხადა მუკბანიანმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბრალდებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა.

განცხადებით, რომელიც მან ციხიდან გამოაგზავნა, მამუკა ჭაბაშვილისა და ბონდო ვათიაშვილის აცილება მოითხოვა.

სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში ოქრუაშვილმა გონივრული ვადა მოითხოვა იმისათვის, რომ ახალი ადვოკატი დაენიშნოს.

სასამართლო პროცესს თავად ირაკლი ოქრუაშვილი პროტესტის ნიშნად კვლავ არ დასწრებია.

ცნობისთვის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.