ჩემი ცხვირის აღსადგენად ჩემივე ნეკნები გამოიყენეს - წარუმატებელი რინოპლასტიკის მსხვერპლი ქალების ისტორია

13:35 10-29-2019
398

ქეთრინ როანი 41 წლის ქალია შოტლანდიიდან, რომელიც წლების განმავლობაში ცხვირის ფორმის შეცვლაზე ოცნებობდა. ერთხელაც მას სრულიად უცნობმა ადამიანმა, პინოქიო დაუძახა, რის შემდეგაც ქალმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

ქეთრინმა გაერთიანებული სამეფოს პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთ წამყვან ცენტრს მიმართა. ედინბურგში მდებარე კლინიკა Transform-მა მას იტალიელი ქირურგი ანტონიო ოტავიანი ურჩია, რომელიც სპეციალურად ამ ოპერაციისთვის იტალიიდან ჩამოიყვანეს.

ექიმმა ქეთრინს ოპერაცია გაუკეთა და დასრულებისთანავე სამშობლოში დაბრუნდა. ნახვევების და ტამპონების მოხსნის შემდეგ ქეთრინმა აღმოაჩინა, რომ ცხვირი სრულიად განადგურებული ჰქონდა. კანის ნაწილი ჩამოკიდებული იყო, ცხვირის წვერი დეფორმირებული, ძვალი და ხრტილი კი თითქმის საერთოდ აღარ იგრძნობოდა.

„ასეთი საშინელი ცხვირი არასოდეს მქონია, როგორც ოპერაციის შემდეგ. ერთ მხარეს კანი მქონდა ჩამოკიდებული, მეორე მხარეს კანი გადაკეცილი იყო. წვერზეც რაღაც მჭირდა. ჩემი ცხვირის აღსადგენად ჩემივე ნეკნები გამოიყენეს,“- აცხადებს ქეთრინი.

ცხვირის ფორმის აღსადგენად ქეთრინს 4 წელი და სამი ოპერაცია დასჭირდა. ბოლო ოპერაცია შედარებით წარმატებული გამოდგა. ინგლისელმა ქირურგმა ცხვირის რეკონსტრუქციისთვის ქეთრინის ნეკნის ძვალი და სკალპიდან აღებული სითხე გამოიყენა.

ქეთრინი აცხადებს, რომ ნეკნებში ამ დრომდე უცნაური შეგრძნება აქვს და მუცელზე წოლა ეკრძალება, თუმცა ეს ის „მცირე საფასურია“ რომელიც ნორმალური ცხვირის სანაცვლოდ უნდა გადაიხადოს.

როგორც გაირკვა, ბრიტანულ კლინიკაში უცხოელი ქირურგების ჩამოყვანის პრაქტიკა განზრახ არის დამკვიდრებული. მიზანი ერთია: წარუმატებელი ოპერაციის შემთხვევაში, პაციენტი ქირურგს ვეღარ პოულობს და კლინიკა ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას. სასამართლო დავებიც ნაკლებად მკაცრი განაჩენით სრულდება და დროში მათ სასარგებლოდ იწელება.

ქეთრი8ნმა სასამართლოს მიმართა და კლინიკას სამედიცინო დაუდევრობისთვის უჩივლა. პროცესი მის სასარგებლოდ დასრულდა და კლინიკას კომპენსაციის სახით 100 000 გირვანქა სტერლინგის გადახდა დააკისრეს, თუმცა ამ დრომდე ქეთრინს ამ თანხის მხოლოდ 1% გადაუხადეს.

BBC იტალიელ ქირურგს დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. როგორც ბრიტანულმა მედიასაშუალებამ გაარკვია, ანტონიო ოტავიანი დღემდე ჩადის ბრიტანეთში და კერძო კლინიკებში ოპერაციებს ატარებს. BBC კიდევ 6 ქალს გაესაუბრა, რომლებიც ქირურგის მიერ არასწორად ჩატარებული რინოპლასტიკის მსხვერპლნი არიან.

ოტავიანის მსგავსი ქირურგები კიდევ ბევრია და წარუმატებელ ოპერაციებზე მომჩივანი პაციენტების რაოდენობა კიდევ უფრო მაღალი.

მსგავსი შემთხვევები არასათანადო რეგულაციებით არის განპირობებული. გაერთიანებულ სამეფოში კოსმეტიკური ქირურგების ოფიციალური დარეგისტრირება სავალდებულო არ არის. პლასტიკური ქირურგიის ცენტრებიც ნაკლებად მკაცრად რეგულირდება. ექიმებს მხოლოდ სასერტიფიკატო სქემაში უწევთ მონაწილეობის მიღება, რომელიც ნებაყოფლობითია და ბრიტანეთის მასშტაბით, მხოლოდ 30 ქირურგი აწერს ხელს.

ავტორი: მარიამ გიგანი