გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია - ივანიშვილი

13:15 10-29-2019
264

გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

როგორც ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, მზად არის, პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ეს ობიექტები გაასხვისოს ნებისმიერ ინვესტორზე.

„მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება. პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება, სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია“, - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.