ზუგდიდში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა ექიმს სცემეს

12:52 10-29-2019

ზუგდიდში, გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმს, გიორგი გერლიანს სცემეს.

შემთხვევა ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიასთან მოხდა. ნაცემი ექიმი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. 

ფაქტთან დაკავშირებით საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ და არც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ. 

„ამ თემაზე არ ვაკეთებთ კომენტარს“,- უთხრა “პრაიმტაიმს“ საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ. 

შეგახსენებთ, ქირურგმა გიორგი გერლიანმა ადგილობრივ მკვიდრს ვ.ზ-ს ბარიატრიული ოპერაცია ჩაუტარა, რამაც გართულება გამოიწვია.

ავადმყოფი მკურნალობის მიზნით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ნათესავები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ ზუგდიდში მომხდარ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი არასრულწლოვანის ვინაობა დაადგინა. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები. 

ავტორი: თეა შონია