ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა

12:39 10-29-2019
99

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბრალდებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა.

განცხადებით, რომელიც მან ციხიდან გამოაგზავნა, მამუკა ჭაბაშვილისა და ბონდო ვათიაშვილის აცილება მოითხოვა.

სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში ოქრუაშვილმა გონივრული ვადა მოითხოვა იმისათვის, რომ ახალი ადვოკატი დაენიშნოს.

სასამართლო პროცესს თავად ირაკლი ოქრუაშვილი პროტესტის ნიშნად კვლავ არ დასწრებია.

ცნობისთვის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.