ეჭვი არ მეპარება, რომ ის სიმართლეს ამბობს - გოცირიძე მეუფე იაკობის განცხადებებზე

12:16 10-29-2019
51

ეს არ არის ეკლესიის საკითხი, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საკითხია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტირებისას განაცხადა.

გოცირიძის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მეუფე იაკობი სიმართლეს ამბობს.

„მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან,რომ ეს არის ეკლესიის საკითხი. მაგრამ ეს არ არის ეკლესიის საკითხი, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საკითხია.

თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ გიორგი გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი ამას თავიანთი ნებით გააკეთებდნენ?! კვირიკაშვილმა თქვა ვინც მართავს ქვეყანასო, როგორ წარმოგიდგენიათ ამაში ივანიშვილი არ იყო ჩართული?! დღეს ყველა ივანიშვილის დავალებას ასრულებს. გამოძიება არ იქნება დაწყებული. 100%-იანი სიზუსტით არ შეგვიძლია ვთქვათ,რომ მეუფე იაკობი სიმართლეს ამბობს,თუმცა მე პირადად ამაში ეჭვი არ მეპარება“,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს.