მეუფე იაკობს ვიცნობ და შეიძლება გარკვეული ინფორმაციის მატარებელიც ვარ - ბესელია

13:37 10-28-2019
106

მე ვიცნობ მეუფე იაკობს და ვიცი მისი განწყობები და დამოკიდებულებაც. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მას კონკრეტული ამოცანით ვინმემ დაავალა, ან სთხოვა მსგავსი განცხადებების გაკეთება,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას თქმით, პარლამენტი  განცხადებების განხილვისა და ეპისკოპოსის დაბარების ადგილად არ უნდა იქცეს.

„მე ვიცნობ მეუფე იაკობს და ვიცი მისი განწყობებიცა და დამოკიდებულებაც. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მას კონკრეტული ამოცანით ვინმემ დაავალა ან სთხოვა მსგავსი განცხადებების გაკეთება. ის არის ქორეპისკოპოსი, იერარქიით ძალიან მაღალი სასულიერო პირი. სწორედ მისი ამჟამინდელი სტატუსი ანიჭებს მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას. არ მიმაჩნია, სწორად რომ პარლამენტი გადაიქცეს ამ განცხადებების განხილვის ან ეპისკოპოსის დაბარების ადგილად. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის სახელმწიფო და საჯარო ინტერესი, რომელიც უფრო მაღალია, ვიდრე ნებისიერი სხვა ინტერესი, რომელიც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს. მეც ვარ დაახლოებული ადამიანი მის უწმინდესობასთან და საპატრიაქროსთან, მეუფე იაკობსაც ვიცნობ და შეიძლება გარკვეული ინფორმაციის მატარებელიც ვარ.

ძალიან საფრთხილოა ამ თემებზე ღია სივრცეში საუბარი. მნიშვნელოვანია რას გადაწყვეტს პატრიარქი, რა ფორმატში იმსჯელებს ამაზე. ის ალბათ მიიღებს გადაწყვეტილებას სინოდის სხდომასათან დაკავშირებით. საჭიროა ამ თემაზე საუბარი რაღაც ფორმატში გაგრძელდეს.

გიორგი კვირიკაშვილის დამოკიდებულებაც ვიცი ეკლესიასთან და მისი დამოკიდებულება არის ძალიან ახლო და თბილი. ვერ გეტყვით გახარიას დამოკიდებულებებს. როცა საუბარია ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერებზე ამას სჭირდება მონაწილე პირების მხრიდან დამაჯერებელი საუბარი და პოზიციის მოსმენა. მე არ შემიძლია იმის თქმა, რომ მეუფე იაკობი ცრუობს და არ შემიძლია იმის თქმაც, რომ მეუფე იაკობი რასაც ამბობს.. აქ წერტილი დავსვათ“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, 26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს.