ბიზნესმენი ქალის და მისი ახლობლების მკვლელობაში „კანონიერი ქურდის“ სახელი იკვეთება

11:39 10-28-2019
444

გამოცემა „როსბალტი“ იუწყება, რომ 2012 წელს მომხდარი სასტიკი მკვლელობის უკან ცნობილი „კანონიერი ქურდის“, ოლეგ შიშკანოვის, იგივე „შიშკანის“ სახელი იკვეთება.

სამართალდამცველ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ბიზნესმენ ტატიანა სიდოროვას მიწის ნაკვეთებით იყო დაინტერესებული, სადაც „შიშკანის“ გარემოცვა მრავალსართულიანი შენობების აგებას გეგმავდა. მანამდე კი ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხაც გამოსძალეს. საუბარია სესხის სახით აღებულ 4,5 მილიარდ რუბლზე, რომლის მხოლოდ 15-20 პროცენტი დაიხარჯა დანიშნულებისამებრ, დანარჩენი თანხა კი შიშკანოვის დანაშაულებრივ ჯგუფს გადაეცა.

ტატიანი სიდოროვა, რომელიც პირადად იცნობდა ოლეგ შიშკანოვს, მიწის ნაკვეთების დათმობას არ აპირებდა, რის გამოც, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დაძაბული საუბარი ჰქონდა „კანონიერი ქურდის“ წარმომადგენელთან, იგორ ეინინთან. ეს უკანასკენლი, მიმალვაში იმყოფება მას შემდეგ, რაც მისი ბოსი, ოლეგ შიშკანოვი რუსეთში სრულიად სხვა ბრალდებით დააპატიმრეს და ცხადია გახდა, რომ მას მრავალწლიანი პატიმრობა ელოდა.

ბიზნესმენის მიერ კატეგორიული უარის შემდეგ ის და მისი სამი ახლობელი სასტიკად მოკლეს, ბულდოზერით მიწა გათხარეს და ცხედრები ერთად დამარხეს.

მკვლელობის შემდეგ ბიზნესმენის ვაჟი იძულებული გახდა მიწები მაინც დაეთმო, თუმცა შიშკანოვის გეგმები მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ჩაშალა, რომელმაც მთლიანად გააუქმა იმ კონკრეტული უბნის განვითარების გეგმა და მშენებლობა აკრძალა.

დიდი ხნის განმავლობაში ცხედრები ვერ იპოვეს, შიშკანოვის გარემოცვა კი აქტიურად ავრცელებდა ჭორს, რომ ბიზნესმენმა რუსეთის ტერიტორია დატოვა.

ცხედრების ადგილმდებარეობა მოგვიანებით ერთ-ერთმა მკვლელმა დაასახელა, რომელიც სრულიად სხვა საქმეზე ჰყავდათ დაკავებული და გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით ბიზნესმენი ქალის, ასევე მისი ახლობლების მკვლელობის დეტალებზე ალაპარაკდა.