გაიცანით 17 წლის ელენე, რომელსაც უცხოეთში „სისხლიანი ფერია“ შეარქვეს

17:12 10-25-2019
13250

17 წლის ელენე ლოლაძე, ყველაზე პერსპექტიული ქართველი სპორტსმენია კიკბოქსინგსა და ტაილანდურ კრივში. 

ელენე 4 წლიდან ცეკვავდა ქართულ ცეკვას და მუსიკალური ცხრაწლედიც დაამთავრა. არასდროს უფიქრია, რომ რინგს დაუკავშირებდა მომავალს. ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ იტალიაში, მსოფლიოს 42 ქვეყნის 3000-მდე მონაწილეში საუკეთესო გახდებოდა და W.A.K.O -ს (World Association of Kickboxing Organizations) ქამარსაც მოიპოვებდა.

 „ვარჯიში მხოლოდ იმიტომ დავიწყე რომ ფორმები შემენარჩუნებია“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ახალგაზრდა სპორტსმენი. 

ელენე ლოლაძე: 

- რაც თავი მახსოვს, სულ ვცეკვავ. ერთ დღეს გადავწყვიტე ვარჯიშიც დამეწყო. ვიცოდი, რომ სპორტის ეს სახეობა ძალიან ეხმარებოდა სხეულს ფორმების შენარჩუნებაში. მამაჩემთან ერთად ვიყავი რამდენიმე დარბაზში, რომ შემერჩია. საბოლოოდ, არჩევანი იქ გავაკეთე, სადაც ჩემი მწვრთნელი, ნიკა ბეგოიძეა. 2 ვარჯიშის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო და სახალისო იყო კიკბოქსინგის გაკვეთილები. ცოტა ხანში, ნიკამ მითხრა, რომ კარგი მონაცემები მქონდა რინგზე უნდოდა ჩემი გაყვანა, რაზეც მახსოვს, რომ ბევრი ვიცინე. 

რამდენ ხანში აღიქვით სერიოზულად ამ სპორტის მიმართ თქვენი დამოკიდებულება? 

- საქართველოში წარმატებით დასრულებული ორი ტურნირის შემდეგ, ჩემი პირველი გამოცდა საერთაშორისო არენაზე შედგა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, სადაც პროფესიონალური ორგანიზაცია FFC(free fighting championship)-ის ქამრისთვის ბრძოლა მომიწია. უმძიმეს ბრძოლაში დავამარცხე ირანელი მოწინააღმდეგე, რომელიც იყო აზიის ჩემპიონი ტაილანდურ კრივში WKN(world kickboxing network) ვერსიით და მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ფინალურ ორთაბრძოლაში. ტექნიკური ნოკაუტით დავამარცხე. დავეუფლე ქამარს 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს ხუმრობა აღარ იყო და ნამდვილად რინგზე ვიდექი. კიკბოქსინგი არც თუ უსაფრთხო სპორტია.

როგორ მიიღეს შენი გადაწყვეტილება ოჯახში ? 

ორი ტურნირი რომ მოვიგე, მერე ვთქვი სახლში, რომ რინგზე ვიდექი. არ ჰქონდათ ცუდი რეაქცია, მხარი დამიჭირეს და ეს უდიდესი სტიმული იყო ჩემთვის. ყველაზე გვიან ჩემმა კლასელებმა და მასწავლებლებლმა გაიგეს, გაოცებას ვერ ფარავდნენ. დღეს ისინი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან.

რამდენი ხანია ვარჯიშობ ?

დაახლოებით წელიწადნახევარია ვვარჯიშობ. ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხე ორი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს აღება. W.A.K.O-ს მსოფლიო თასი კიკბოქსინგში და IFMA-ს მსოფლიო ჩემპიონატი ვაი კრუში. ვაი კრუს მსოფლიო რეიტინგშიც მაქვს უკვე ჩემი ადგილი, ამჟამად მეოთხე ადგილზე ვარ. ყველაფერი წინ მაქვს. 

width=600

რატომ დაგარქვეს სისხლიანი ფერია? 

- ჩემი აღნაგობის გამო. ყველას უკვირდა, რომ რინგზე გადავწყვიტე ბრძოლა. სხვადასხვა ტურნირზე ხშირად მეკითხებიან - რა მინდა რინგზე. სპორტის ამ სახეობაში ხშირია ტრავმები და სისხლიც. ერთ-ერთ ტურნირზე The bloody Fairy, ანუ „სისხლიანი ფერია“ დამიძახეს და მას შემდეგ ამ ზედმეტსახელით ვიბრძვი. ბრძოლაში ყველაზე მეტად ჩემი გაწონასწორებული ხასიათი მეხმარება. შეჯიბრის დაწყებამდე გოგონები ცდილობენ ხოლმე სხვადახვა მიმიკებით გამაღიზიანონ, მაგრამ მე მყოფნის მოთმინება, რომ ეს ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენო.

როგორია შენი სამომავლო გეგმები ? 

- ამჯერად მე და ჩემი მწვრთნელი ნიკა, კონცენტრირებულები ვართ ევროპის თასზე ტაილანდურ კრივში, რომელიც გაიმართება დეკემბერში თურქეთში და ასევე ვგეგმავთ, კრივშიც ვცადო ბედი. კრივი ოლიმპიური სპორტია და მომავალ წელს ის ოლიმპიადაზე იქნება წარდგენილი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს პირველი ვიყო ქართველ სპორტსმენ გოგონათა შორის, ვინც ოლიმპიადაზე მოხვდება. წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ შეგვიძლია. არის ბევრი დაბრკოლება, ძირითადად ფინანსური კუთხით. არ გვყავს მუდმივი სპონსორი, რომელიც თუნდაც ჩემი მონაწილეობის ხარჯებს დაფარავს უცხოეთში გასამართ ტურნირებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მომზადების პერიოდზე და ა.შ. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - თავდაუზოგადავად ვიშრომებ ამ ყველაფრისთვის.

 

ავტორი: მარიამო ლორთქიფანიძე