„ჩვეულებრივი პროკურორი იყო“ - უწყებიდან და ქვეყნიდან სკანდალით წასული პროკურორის ყოფილი უფროსი

11:05 10-23-2019
4355

სკანდალური პროკურორის, სალომე ადეიშვილის შესახებ, რომელმაც პროკურატურიდან დათხოვნის შემდეგ ხმაურიანი პოსტი გამოაქვეყნა და საქართველოც დატოვა, მისი უშუალო ყოფილი უფროსი, დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი პროკურორი ნიკოლოზ დგებუაძე საუბრობს.

მისი თქმით, სალომე ადეიშვილის ეს პოსტი, მისთვისაც მოულოდნელი იყო.

„ჩვეულებრივი პროკურორია. არ ჰქონია განსაკუთრებული საქმეები და არც ხმაურიანი. არასდროს შემოუჩივლია ჩემთვის, რომ რამე აწუხებდა. ჩემთვისაც გაუგებარია, რა იყო ამ პოსტის გამოქვეყნების მიზეზი“, - განაცხადა „პრაიმტაიმთან“ ნიკოლოზ დგებუაძემ.

არსებული ინფორმაციით, სალომე ადეიშვილმა საქართველო დატოვა და ის უკვე აშშ-ში იმყოფება. რაც შეეხება ნიკოლოზ დგებუაძეს, ის დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურიდან რამდენიმე თვის წინ გადავიდა მთავარ პროკურატურაში და ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ამ დრომდე დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორის პოზიცია ვაკანტურია.

შეგახსენებთ, რომ სალომე ადეიშვილმა ხმაურიანი პოსტი სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა და უწყება მწვავედ გააკრიტიკა.

სალომე ადეიშვილი პროკურატურის სისტემაში 2013 წლის აპრილიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე მუშაობდა.