„გრძელი თმით დავდიოდი“, - რომან გოცირიძე მძიმე როკისა და ფეხბურთის სიყვარულზე

19:47 10-22-2019
985

დეპუტატი რომან გოცირიძე „პრაიმტაიმთან“ მის მუსიკალურ გემოვნებასა და ფეხბურთის სიყვარულზე საუბრობს, ძველი დროის, მძიმე როკის მსმენელი, ერთ დროს, გრძელი თმითა და კუმირების გამოსახულებიანი მაისურებითაც დადიოდა. მიღწევები ქუჩის ფეხბურთშიც ჰქონდა და 9 ნომერი მაისურით პრიზებსაც იღებდა:

– სკოლიდან მოყოლებული, მძიმე როკის მსმენელი ვიყავი. უზარმაზარი მაგნიტოფონი მქონდა, ბაბინებიანი, დაახლოებით 25–30 კგ. იყო და მის გადაადგილებაზე, ვიტანჯებოდი ხოლმე. „იაუზა“ ერქვა. ყველაფერი მქონდა, რაც მომწონდა, „აკრძალული სიმღერები“, სპორტსმენებს შემოჰქონდათ ხოლმე უცხოეთიდან და მერე უკვე, ხელიდან ხელში გადაცემა ხდებოდა - „Deep purples“, „Led Zeppelin, „Black Sabath“ და ა.შ. „Pink Floyd“ ცოტა უფრო მოგვიანებით იყო, ასევე, „Beatles“, მაგრამ ჩემი სამეგობრო „ბიტლომანები“ არ ვიყავით, უფრო „ფაქიზოდ“ ითვლებოდა. გენიოსები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მსუბუქია, ჩვენ მძიმე როკი მოგვწონდა.

გრძელი თმა მქონდა. ახლა რომ მაისურები გაცვიათ, მაშინ სად გვქონდა ასეთი? თეთრ მაისურზე ჯონ ლორდისა და იან გილანის პორტრეტებს ამოვხატავდით, ტრაფარეტს ვაკეთებდით ქაღალდზე, მერე ამას დავადებდით და ასე ვღებავდით. მთელი სკოლა გაგიჟებული იყო, ეგონათ, უცხოეთიდან ჩამოჰქონდათ და სად იშოვეთო, გვეკითხებოდნენ.

მერე, საოცრება ის იყო, რომ როდესაც ესენი „მოძველდნენ“, იმ დონეზე აღარ იყვნენ პოპულარულები და ევროპაშიც იმდენად აღარ უსმენდნენ, ეს ჩემი კუმირი – „Deep purple“ და იან გილანი თბილისში არ ჩამოვიდა?! სპორტის სასახლეში. აქ იქორწინა მეორედ. როგორც კი მეორე ხარისხოვანები გახდნენ, ყველა აღმოჩნდა თბილისში – „ნაზარეთი“ და სხვები. მერე მოხდა საოცრება! მეორე სუნთქვა გაეხსნათ და ასაკში, ახალი მსოფლიო ტურნე დაიწყეს. ერთ–ერთი ყველაზე დიდი სანახაობა იყო „ლედ ზეპელინი“–ს საიუბილეო კონცერტი კენედის ცენტრში, პრეზიდენტი ესწრებოდა. ერთ–ერთი საუკეთესო შესრულება იყო შავკანიანების გუნდთან ერთად.

დღემდე „მძიმე როკისტი“ ვარ და ვფიქრობ, ის 70–იანი წლები მუსიკის ოქროს ხანა იყო, რომელიც არაფერს შეედრება. ძალიან მაგარი დრო იყო და მაგ ეპოქაში ჩავრჩი.

მერე იყო, „ნირვანა“, „მეტალიკა“, „სკორპიონსი“... ლეგენდაა. მიუხედავად იმისა, რომ „ფარფლები“ მედვედევს უყვარს და რუსეთში ჩასულებმა მედვედევსა და პუტინს უმღერეს, სადაც არ უნდა იმღერონ, ჩემთვის ყოველთვის კუმირები იქნებიან. ისევე, როგორც „Pink Floyd“–ის გილმორი, რომელიც ძალიან პრორუსულ და არასერიოზულ პოლიტიკურ ინტერვიუებს იძლევა. მაგრამ რას ვიზამთ... პოლიტიკა მათთან ვერ მიდის.

ელექტრონული მუსიკის არ მესმის... მიხარია, რომ თბილისი, როგორც საკლუბო ღამის ქალაქი გაჩნდა ევროპის რუკაზე და უცხოურ მედიაში უკვე მეორე ბერლინს ადარებენ. ეს შედეგი გამოიღო კრიმინალის აღკვეთამ. როგორც კი უსაფრთხოების კუთხით, ევროპის ერთ–ერთი წამყვანი ქვეყანა გავხდით, ეს მომენტალურად აღმოცენდა და ახლა თბილისს აქვს შანსი, რომ იყოს ევროპის ყველაზე მაღალი ელექტრონული მუსიკის ქალაქი. ამას კი ხელშეწყობა უნდა, ისე არა, ღამის მინისტრი რომ „შექმნეს“ და ერთი კინკილა ავტობუსი დადის შუაღამეზე. საერთოდ, ღამით ავტობუსებიც უნდა დადიოდეს და მეტროც მუშაობდეს. ამიტომ, ხელს უფრო უშლიან ამ საკლუბო ცხოვრებას, ვიდრე ხელს უწყობენ.

თბილისს დიდი შანსი აქვს, რომ ღამის ქალაქი გახდეს, თავისი კლუბებით, კაზინოებით. თუმცა, ახლა კაზინოების დახურვაზე დაიწყეს ლაპარაკი, პოპულისტური გამოსვლები, სადაც 90% უცხოელები დადიან, მუსულმანური ქვეყნებიდან, რადგან ჩვენ ირგვლივ ყველგან აკრძალულია. თბილისმა ეს ნიშა უნდა დაიკავოს და ამისთვისაა საჭირო ხელისუფლების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურა განავითაროს, კარგი ინტერნეტი იყოს, ღამით მანქანები დადიოდეს, მეტრო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იყოს. რაც მთავარია, უსაფრთხოება!

– აღნიშნეთ, რომ მუსიკა გიყვართ, ცეკვაზე რას იტყვით?

– სკოლაში ვცეკვავდი. ბალეტი მომწონს, თბილისში არც ერთი სპექტაკლი არ გამიცდენია, თავის დროზე, ოპერა – ისე, რა... სახლში რომ ოპერას მოუსმინო, ჭკუიდან უნდა შეიშალო, ისევე, როგორც მძიმე როკს ვერ მოუსმენ ყველანაირ სიტუაციაში და ყოველ დღე.

სხვათა შორის, სკოლაში ძალიან კარგად ვთამაშობდი ფეხბურთს. „ტყავის პრიზის“ მფლობელი ვარ, ეს იყო ქუჩის ფეხბურთის ჩემპიონატი საქართველოში. მე 9 ნომრით ვთამაშობდი, მეტრეველი იყო 9 ნომერი და მისი ხათრით. როცა მეტრეველი გააცილეს, მახსოვს, 16 წლის ვლადიმერ გუცაევი შემოვიდა დინამოს სტადიონზე, იქ ვიყავი. იმის მერე ისე წარიმართა ჩვენი ბედი, რომ მე და ვლადიმერ გუცაევი ერთ პარლამენტში ვიყავით – დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან, ჩემი კუმირი იყო. ერთხელ, კუს ტბაზე ვთამაშობდით და ამ დროს, გუცაევი ძალიან იყო წონაში მომატებული და მახსოვს, როგორ „ვატყუებდი“ თამაშისას და მიხაროდა (იცინის).  დეპუტატობის შემდეგ, ისევ ჩადგა ჩვეულ ფორმაში, ვინაიდან, მწვრთნელი გახდა.

მოკლედ, სპორტის გულშემატკივარიც ვარ,  ძველი მუსიკის ერთგული... ერთხელ, ნიკა გვარამიამ მკითხა ერთ–ერთ ლაივ ჩართვაში, ოღონდ რატომ, არ ვიცი... შენ ვის უფრო აღიარებო, ჯონ ლენონს თუ პოლ მაკკარტნისო? ინსტინქტურად წამომცდა, ჯონ ლენონს–მეთქი, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. „ბიტლზი“ ეს არის პოლ მაკკარტნი და ჯონ ლენონი ეს არის ლეგენდა, რომლის გალეგენდებას კიდევ უფრო ხელი შეუწყო მისმა უცნაურმა ცხოვრებამ, იოკო ონოს პროვოკაციულმა პერფორმანსებმა და მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა. თორემ, ობიექტურად, „ბიტლზის“ ბურჯი პოლ მაკკარტნი იყო.

ავტორი: თამთა დადეშელი