ახალი ტექნოლოგია გენეტიკაში არსებული დეფექტების 89%-ის ჩასწორებას შეძლებს

13:11 10-22-2019
57

ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომლითაც შეძლებენ გენეტიკაში არსებული იმ დეფექტების შესწორებას, რომლებიც ადამიანში სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.

საუბარია დნმ-ში არსებული დეფექტების 89%-ზე. ახალ ტექნოლოგიას Prime Editing ანუ პირველადი რედაქტირება ჰქვია. მეცნიერები მას „გენეტიკური სიტყვის პროცესორს“ უწოდებენ, რომელსაც მაქსიმალური სიზუსტით შეუძლია გენეტიკური კოდის გადაწერა.

ლაბორატორიაში ამ ტექნოლოგიას დნმ-ში არსებული საზიანო მუტაციების შესასწორებლად იყენებდნენ.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივესიტეტის Broad Institute-ის მკვლევართა გუნდი აცხადებს, რომ ტექნოლოგია ძალიან მოქნილი და ზუსტია, თუმცა მასთან დაკავშირებული კვლევები მხოლოდ ახლა იწყება.

დნმ-ში ცვლილებების შეტანა ბოლო 7 წელია რაც შესაძლებელია, თუმცა ახალი ტექნოლოგია თავისი სიზუსტით არის უნიკალური. მეცნიერები განმარტავენ, რომ ცვლილების შეტანისას და გენეტიკური კოდის გადაწერისას, სიზუსტეს თუ არ დაიცავენ, შესაძლოა ცუდი შედეგები დადგეს. Prime Editing-ის მთავარი უპირატესობა სწორედ მის სიზუსტეშია.

Prime Editing-ის დროს, სრული სიზუსტით არის შესაძლებელი დნმ-ში რომელიმე სექციის ჩასმა ან წაშლა. მეცნიერების თქმით, ეს დაახლოებით ისევე ხდება, როგორც ტექსტის აკრეფისას ორთოგრაფიული შეცდომის ჩასწორებაა. თუკი 1 ასო წერია შეცდომით, შესაძლებელია მისი წაშლა და სწორი ასოთი ჩანაცვლება.

მკვლევარები განმარტავენ, რომ არსებობს გენების 75 000 სხვადასხვა მუტაცია, რომელთაც ადამიანში დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. Prime Editing სწორედ ამ მუტაციების 89%-ის შეცვლის პოტენციალი აქვს.

ამ ტექნოლოგიის გამოსაყენებლად საჭიროა სათანადო მოლეკულური მოწყობილობა, რომელიც აღნიშნული ჩასწორებების შესრულებას შეძლებს და მეცნიერები ახლა სწორედ ამაზე მუშაობენ.

ავტორი: მარიამ გიგანი