როდის და რა შემთხვევაში დაარღვევს დუმილს დეკანოზ მამალაძის ძმა

23:25 10-21-2019
63

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმეს წმინდა სინოდის სხდომაზე არ განიხილავენ, „პრაიმტაიმი“ დეკანოზის ოჯახს ამ საკითხზე სასაუბროდ დაუკავშირდა. როგორც მამა გიორგის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, თუ ამ საკითხის განხილვაზე წმინდა სინოდი უარს იტყვის, ის მეორე დღესვე  ყველა იმ ინფორმაციას გაასაჯაროებს, რომელსაც მამა გიორგი ფლობს და რომელზეც თორნიკე მამალაძემ არაერთი მინიშნება გააკეთა. ის ამბობს, რომ მეუფე იოანე გამრეკელი შორენა თეთრუაშვილის დაკვეთას ასრულებს.

„პირველ რიგში, სამწუხაროა მეუფე იოანესგან ასეთი განცხადება. ამ ადამიანს მოკლე მეხსიერება აღმოაჩნდა, რადგან წმინდა სინოდმა იმსჯელა ჩემი ძმის საკითხზე, საპატრიარქოს ვებ-გვერდზე განჩინება ახლაც ხელმისაწვდომია, სადაც წერია, რომ როცა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანცია დასრულდებოდა, კომისია უნდა შემდგარიყო და უნდა ემსჯელა ამ საკითხზე. მართალია, სამივე ინსტანციამ განიხილა, მაგრამ კომისია არ შექმნილა. ასევე, წმინდა სინოდი რას განიხილავს ეს ერთი ეპისკოპოსის გადასაწყვეტი არ არის. ეს ჩემი ძმის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, ასევე ჩემი აქტიურობისკენ. მეუფე იოანე შორენას დაკვეთის შესრულებაში ახალ ფიგურად გვევლინება.

წმინდა სინოდს ჰყავს თავმჯდომარე. გამოვიდეს საპატრიარქო და თქვას, რომ თავმჯდომარე ვეღარ თავმჯდომარეობს და გამოვიდნენ ეპისკოპოსები და რაც უნდა ის გააკეთონ. ჩვენ მხარს ბევრი ეპისკოპოსი გვიჭერს.

თუ წმინდა სინოდი არ განიხილავს ამ საქმეს და არ მიგვიწვევენ, მეორე დღესვე მომიწევს ყველას მხილება, გავამჟღავნებ ყველა იმ ინფორმაციას, რის გამოც მამა გიორგის დისკრედიტაციას ახდენენ“ - ამბობს თორნიკე მამალაძე.

შეგახსენებთ, რუსთაველი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის განცხადებით, სინოდის კრება დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს არ განიხილავს. მიტროპოლიტის თქმით როდის გაიმართება სინოდის სხდომა მისთვის უცნობია. 


საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა.​ ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური