როგორ აღმოჩნდა გივი სიხარულიძე რესტორნის ნაცვლად პრორუსული ორგანიზაციის პრეზენტაციაზე

23:03 10-21-2019
837

დღეს ახალციხეში ახალი რუსულ-ქართული ორგანიზაციის - „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“ - პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის, მსახიობი გივი სიხარულიძე რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ვლადიმერ ხომერიკის მიერ იყო მიწვეული.  

პრეზენტაციაზე ვლადიმერ ხომერიკის სკანდალური განცხადებების შემდეგ, საზოგადოების ნაწილმა გივი სიხარულიძე გააკრიტიკა. „პრაიმტაიმი“ მსახიობს იმის გასარკვევად დაუკავშირდა, იზიარებს თუ არა ის ხომერიკის პოლიტიკურ ხედვებს. როგორც გივი სიხარულიძემ განმარტა, ის გაუგებრობაში მოყვა, რადგან არ იცოდა, რომ რესტორნის ნაცვლად, პოლიტიკური ორგანიზაციის პრეზენტაციაზე აღმოჩნდებოდა.

„ახალციხეში, რაბათის სანახავად მეგობარი მყავდა წაყვანილი. იქ ვლადიმერ ხომერიკი შემხვდა. მთხოვა, ხალხს უნდა შევხვდე და რესტორანში მოდიო. მეც უარი არ მითქვამს. ვლადიმერი მომღერალ ალეკო ხომერიკის ნათესავია და მისგან ვიცნობდი. კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემს შემოქმედებით საღამოზეც იყო და სიყვარულით მეპყრობოდა.

მე ხომერიკის პოლიტიკური თანამოაზრე არ ვარ, მასთან საქმე არ მაქვს. მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მე მეზიზღება რუსული გენერალიტეტი, მეზიზღება რუსი პოლიტიკოსები, თუმცა, აგრესია რუსეთის რიგით მოქალაქეებზე არ მაქვს. ხაზგასმით ვამბობ, რომ ხომერიკთან პოლიტიკური მრწამსი არ მაქვს საერთო, ერთნაირი შეხედულებები არაფერზე გვაქვს. მე გივი ვარ სიხარულიძე, ის - ხომერიკია, მე ჩემი საქმე მაქვს, მას - თავისი. ხომერიკთან მხოლოდ ახლობლური, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს“ - ამბობს გივი სიხარულიძე.

შეგახსენებთ, ახალციხეში რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, ახალი ორგანიზაცია დაარსდა. „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“ პრეზენტაციას ახალციხეში ასამდე პირი ესწრებოდა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ვლადიმერ ხომერიკი. მისი განმარტებით, ორგანიზაციის შექმნის ინიციატივა ახალციხელებისგან წამოვიდა.

„რუსეთს სურს მეგობრული და პარტნიორი საქართველო ჰყავდეს გვერდით. ხელს უშლის ოპოზიცია, მაგრამ დღეს სხვა ძალა არ არის, თუმცა მოიძებნება ისეთი პარტიები, რომლებსაც შეუძლიათ გაერთიანდნენ და მოლაპარაკებები დაიწყონ რუსეთთან“, - განაცხადა ხომერიკმა მედიასთან.

ავტორი: თამარ ბუჩუკური