„ჩემი შვილი, ჩემი დათო მამა-შვილმა დეკანოიძეებმა მომიკლეს!“ - 13 წლის შემდეგ მოკლული ბიჭის დედა ალაპარაკდა

22:40 10-21-2019
5076

პრაიმტაიმისთვის“ კიდევ ერთი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი. 13 წლის წინ მოკლული დათო მეტრეველის საქმეს მამა-შვილი დეკანოიძეების სახელს უკავშირებს გარდაცვლილის დედა, მარიამ გვარამაძე. მან „პრაიმტაიმთან“ ხანგრძლივი დუმილი დაარღვია და ექსკლუზიურ ინტერვიუში მკვლელობის დეტალებსა და გამოძიების შედეგებზე ისაუბრა. 27 წლის დათო მეტრეველის ოჯახი ხელახალ გამოძიებას დაიწყებს. როგორც დედა ამბობს, ამის მიზეზი ირაკლი დეკანოიძის პასუხისგებიდან თავის არიდება გახდა.

„ჩემი შვილი, ჩემი დათო მამა-შვილმა დეკანოიძეებმა მომიკლეს. ეს 2006 წლის 15 იანვარს მოხდა. მაშინ დათო 27 წლის იყო. ახალციხის რაიონის სოფელ აგარაში, ცოლის ბიძაშვილის ქორწილში წავიდნენ. მაშინ, ჩემი შვილი ავად იყო, სიცხე ჰქონდა და ეუხერხულა მიუსვლელობა. იმ ღამეს იმავე სოფელში ცოლის მშობლებთან დარჩნენ. მეორე დღეს სუფრაზე ისევ მიიწვიეს. როცა დათო მივიდა, ირაკლის მამა უკვე ნასვამი იყო და ქორწილში ბავშვებს ეჩხუბებოდა და სცემდა, ისინი  ცეკვავდნენ. დათო სხვის შვილებს გამოესარჩლა. მაშინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მერაბ დეკანოიძესა და დათოს შორის მოხდა. ინციდენტის შემდეგ, დათო ცოლის სახლში წავიდა.

მუხანათურად მივიდნენ იქ ჩემი ბიჭის მოსაკლავად. სიმამრს ახალი წელი მიულოცეს და სიძეს დაუძახეთო სთხოვეს. როცა ჩემი შვილი გარეთ გავიდა, ცეცხლი გაუხსნა მამა-შვილმა, მოწმეების ჩვენებებიც არსებობს, სადაც წერენ, რომ ირაკლი დეკანოიძეცა და მერაბ დეკანოიძეც შეიარაღებლები იყვნენ, ორივეს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, ირაკლის - ყუმბარები. ზუსტად ისე მოხდა 13 წლის წინ ჩემი შვილის მკვლელობა, როგორც ნათია გოგალაძის შემთხვევაში. დათოს 7 ტყვია მოხვდა,  ერთიც საკონტროლო გასროლა იყო. მოწმეების ჩვენებებიდან ჩანს, რომ დათო ტყვიებს გაურბოდა და დაჭრილი თავის გადარჩენას ცდილობდა. დეკანოიძეების საშინელ ოჯახს მთელი არსენალი წლების განმავლობაში ჰქონდა. ეგენი სადისტები არიან. ტელევიზორი რომ ჩავრთე და ერთ-ერთ თოქშოუში ერაბ დეკანოიძე ვნახე, სისხლი გამეყინა მსხვერპლის როლში რომ შევიდა და საზოგადოებას თავს აცოდებდა, ხელს რომ გარდაცვლილი რძლისკენ იშვერდა, სწორედ ასე იყო დათოს შემთხვევაშიც, დათოს აბრალებდნენ. ხატები რომ ჩამოუკიდიათ სახლის კადრებში ვნახე, ამით ვის ატყუებენ... სასამართლოზე დამცინოდა, ან არ ჩავჯდები ციხეში ან მალე დავტოვებო. ალბათ, ვინმე აიმედებდა. მისი მკვლელი შვილი ირაკლი კი, მოწმედაც არ ცნო გამოძიებამ. მან საქართველო დატოვა და ამბობენ, რუსეთში გადაიმალაო. ირაკლიმ ესროლა, ორივე შეიარაღებული იყო, თუმცა მერაბმა აიღო თავის თავზე. იყვნენ თვითმხილველები, ვინც ამას ამბობენ. ირაკლი ჩემი შვილის მკვლელობაში დიდ როლშია.

მე ამ საზარელი შემთხვევის დროს, საბერძნეთში ვიყავი. იქ შემატყობინეს, რომ ვითომ დათო ავარიაში მოყვა, უკვე საზღვარზე ჩემი მეორე ბიჭი რომ დამხვდა, მაშინ გავიგე რა უბედურებაც ტრიალებდა ჩემს თავს. არავის არაფერს ვაბრალებ, იმას ვყვები, რასაც გამოძიების დროს ვისმენდი. სოფელ აგარის მცხოვრებლები გვერდში ჩემს გარდაცვლილ შვილს დაუდგნენ, მათ თავიანთი თანასოფლელების, დეკანოიძეების დაცვა არც უფიქრიათ. გამოცხადდნენ საგამოძიებო უწყებაში და ყველაფერი თქვეს, რაც რეალურად მოხდა.

ნათიას ტრაგედია ჩემთვის ახალი არ ყოფილა. ცივსისხლიანი მკვლელები არიან. ტელევიზიიდან შევიტყვე, რომ აგარიდან ხაშურში, აქვე ყურისძირში დასახლებულან. ჩვენ ბორჯომში ვცხოვრობთ. დათო აქაა დაკრძალული.

ნათია გოგალაძის მკვლელობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩემმა შვილიშვილმა, დათოს შვილმა დამირეკა, ბებო რაღაც უნდა გითხრა და არ ინერვიულო, შემპირდიო. როცა ჩავეკითხე მითხრა, ხაშურში ცოლის მკვლელი მამაჩემის მკვლელიაო. ამ ამბავმა თითქოს ახლიდან მომიკლა შვილი, ყველა ჭრილობა განმიახლდა. ეს მოუშუშებელი იარაა, რამაც დაგვღუპა მე, მამა, შვილი და ძმა. ამ ტრაგედიის შემდეგ, დეკანოიძეების ოჯახის არცერთ წევრს ბოდიშიც კი არ მოუხდიათ. როგორ შეძლო მამა აბრამის ბატკანივით ესაუბრა მერაბს თავის შვილზე, უყვარს და სტკივა თავისი მკვლელი შვილი? ჩვენც გვიყვარს და გვტკივა ჩემი ღიმილიანი და თბილი დათო, ისე როგორც, ნათია სტიკვა ოჯახს. უამრავი უარყოფითი იწერებოდა ამ გოგონაზე, ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არიან ისინი, მე მათ ადამიანებს ვერ ვუწოდებ, ეგენი არადამიანები არიან. ირაკლი ისე გააქრეს ჩემი შვილის მკვლელობის საქმიდან, რომ თვალით არ მინახავს. ბევრი ვიბრძოლე, ფსიქიკურ ავადმყოფად უნდოდა მერაბს თავი გამოეცხადებინა, მაგრამ ეს ვეღარ შეძლო. წლები ნემსსა და ძაფს ხელს ვერ ვკიდებდი, ჩემ შვილს თავის ქალაზე იმდენი ნაკერი ედო...

ვიპოვი ჩემს თავში ძალას და აუცილებლად მოვითხოვ ხელახალ გამოძიებას. ირაკლიცა და მამამისიც საზოგადოებისთვის საშიშები არიან. პასუხი აქამდე რაც არ აგეს, ახლა უნდა აგონ. საქმეში ყველა მოწმის ჩვენებაა, ყველა საბუთი მაქვს და ვიბრძოლებ. ირაკლი დეკანოიძე მერაბის შვილია, ის სხვანაირი ვერ იქნება, ორივე ცივსისხლიანი მკვლელები არიან. მერაბის დაცვაზე ორმა ადვოკატმა უარი თქვა, დიდხანს ეძებდნენ თავიან ადვოკატს... მათ გამო დღემდე ვერ ვსუნთქავთ და ასე ვიქნებით სიცოცხლის ბოლომდე...  

„პრაიმტაიმი“ მერაბ დეკანოიძესა და ირაკლი დეკანოიძის ადვოკატს დაუკავშირდა.

როგორც რეზო კაჭკაჭიშვილმა განმარტა, ის მომხრე არაა, მერაბ დეკანოიძემ კომენტარი მედიასთან გააკეთოს. ამბობს, რომ განაჩენი უკვე დამდგარია.

„შესაძლოა საზოგადოებისთვის საინტერესო და საჯიჯგნი თემა გახდეს, მაგრამ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამ თემაზე საუბარი, რადგან განაჩენი უკვე არსებობს“ - ამბობს ადვოკატი.

მას შემდეგ, რაც „პრაიმტაიმმა“ დეკანოიძის ინტერესების დამცველს განუმარტა, რომ მერაბ დეკანოიძის კომენტარის გარეშეც მეტრეველის მკვლელობის საქმეზე სტატია გამოქვეყნდებოდა, მერაბ დეკანოიძეს დაეკონტაქტა, ამის შემდეგ, მან რედაქციაში დარეკა.

მერაბ დეკანოიძე ვერ იხსენებდა მარიამ გვარამაძის ვინაობას. როდესაც გაიგო, რომ ეს ქალბატონი მეტრეველის დედაა, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ თქვა - მეტრეველი  მეცნობა, რა თქმა უნდაო. სანამ კითხვის დასმას დავასრულებდი, მერაბ დეკანოიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი სიცრუე იყო.

- თქვენი შვილი, ირაკლი მონაწილეობდა თუ არა დათო მეტრეველის...

- ყველაფერი სიცრუეა.

- თქვენი შვილი გადამალეთ რუსეთში ამ მკვლელობის შემდეგ?

- არა, ის საზღვარგარეთ არ ყოფილა.

- რატომ არ იყო მოწმეებს შორის ირაკლი დეკანოიძე?

- ბოდიშს გიხდით...“ - ამბობს მერაბ დეკანოიძე.  

მან  ამის შემდეგ ტელეფონი გათიშა და კითხვებზე პასუხს თავი აარიდა.