ვინ არიან ავჭალაში სპეცოპერაციის დროს დაკავებულები - „პრაიმტაიმმა“ ვინაობა გაარკვია

18:24 10-21-2019
3708

18 ოქტომბერს ავჭალაში, ჯანჯღავას ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ხუთი შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმმა“ სპეცოპერაციის მიმდინარეობისთანავე გაავრცელა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ასაჯაროებდა თუ რა ბარლდებით მოხდა 5 პირის დაპატიმრება.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში შსს-ში დაადასტურეს, რომ საქმე ეხება ყაჩაღურ დაჯგუფებას, რომელიც ჯერ ოქროყანაში ერთ-ერთი ოჯახს დაესხა თავს, 18 ოქტომბერს კი ყაჩაღობას ავჭალის დასახლებაში გეგმავდნენ.

„პრაიმტაიმმა“ აღნიშნული ორგანიზებული ჯგუფის ლიდერის ვინაობა გაარკვია, თუმცა მანამდე გაგაცნობთ შსს-ს ოფიციალურ განცხადებას.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები 18 ოქტომბერს, ჯანჯღავას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ჯგუფურად ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდნენ.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაჯგუფებას 59 წლის გიორგი მეკოკიშვილი ხელმძღვანელობდა. ის საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულიდან გახლავთ. საგარეჯოს რაიონიდან არიან სხვა ბრალდებულებიც.

პოლიციამ, მეკოკიშვილის პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებული ავტომანქანიდან, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო ნივთები და ნიღბები.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა მიმდინარე წელს, 28 აგვისტოს, დაბა ოქროყანაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. მათ ოჯახის წევრებს ძალადობის მუქარით წაართვეს პირადი ნივთები, ფული, ოქროს ძვირადღირებული სამკაულები, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომობილი და მიიმალნენ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე