შადრევანი, რომელზეც ჯიხვებთან ერთად ნადირობის ქალღმერთი დალი უნდა გამოესახათ, მის გარეშე გაიხსნა

18:08 10-21-2019
27

ლენტეხის ცენტრში, შადრევანი,  რომელზეც ჯიხვებთან ერთად ნადირობის ქალღმერთი დალი  უნდა გამოესახათ, მის გარეშე გაიხსნა.

შადრევანზე დალის ქანდაკების მოწყობას  ლენტეხი-ცაგერის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ეწინააღმდეგებოდა.

მეუფე მიიჩნევდა, რომ ნადირობის ქალღმერთის პერსონაჟი მაქციაა და  მისი გამოსახულების  ქალაქის ცენტრში აღმართვა კერპთაყვანისმცემლობა იქნებოდა.

როგორც ირკვევა, მეუფის წინააღმდეგობის შემდეგ, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაწყვეტილება შეცვალა და სამუშაოები კორექტირებული პროექტით განახორციელა.

ლენტეხის მერი, ბადრი ლიპარტელიანი „პრაიმტაიმთან“ საუბარში არ უარყოფს, რომ  მეუფის პოზიცია გაითვალისწინეს, თუმცა, ამბობს, რომ პროექტი შადრევნის უკეთესი ვიზუალისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით შეცვალეს.

„მეუფეს მოვუსმინეთ, შევჯერდით და გავითვალისწინეთ მისი აზრი, რომ შეგვეტანა კორექტირება პროექტში, მაგრამ ის, რომ დაჟინებით მოეთხოვა დალის ქანდაკების მოხსნა ან ჩვენს საქმეში ჩარეულიყო, ასე არ არის. ქანდაკებას თუ გამოვსახავდით, მაშინ ნაგებობას შადრევნის ფუნქცია აღარ ექნებოდა, უფრო სწორად, წინა პროექტით უფრო დაბალი იყო, ახლა უფრო მაღალი და ლამაზი გაკეთდა, - ამბობს ბადრი ლიპარტელიანი.

დაბა ლენტეხში, ცენტრალურ მოედანზე, შადრევანი  დღეს გაიხსნა. არქიტექტურული ნაგებობა  დიოდური პროჟექტორებით განათდა, იმიტირებულ კლდის ლოდზე კი მხოლოდ ცისკენ მომზირალი ჯიხვებია გამოსახული.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  185 434 ლარი დაიხარჯა.